მუნიციპალურ ორგანოებსა და საკრებულოებში შენარჩუნდება საბჭოები, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს
მუნიციპალურ ორგანოებსა და საკრებულოებში შენარჩუნდება საბჭოები, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ისაუბრა, რომელმაც მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისთვის, “გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები წარადგინა.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით საკანონმდებლო სივრციდან ტერმინის “გენდერი“ ამოღება ხდება. ამასთან, პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული პროექტი პარლამენტსა და მუნიციპალურ ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების გაუქმებას ითვალისწინებს.
“თავდაპირველ რედაქციაში წარმოდგენილი იყო როგორც პარლამენტში, ასევე, საკრებულოებსა და მუნიციპალურ ორგანოებში საბჭოების გაუქმება.
მივიღეთ გადაწყვეტილება საკრებულოებსა და მერიებში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დატოვების შესახებ. ეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანოები იქნება“, - განაცხადა მათიკაშვილმა, რომლის თქმითვე, პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გახდება ცნობილი, თუ როგორ დაკორექტირდება ამ მხრივ კანონპროექტი.