ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა
ფოტო არქივიდან
ავტოსაგზაო შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ახალციხის კლინიკა "იმედში" შეიყვანეს. კლინიკური მენეჯერის თქმით, ოჯახის სურვილით, კატასტროფის ბრიგადამ ქალი თბილისში გადაიყვანა.
"მდგომარეობა არც ძალიან მძიმე და არც ძალიან მსუბუქი იყო. მოტეხილობები არა, მაგრამ ჭრილობები და ექსკორიაციები ჰქონდა. ოჯახმა მოისურვა თბილისში გადაყვანა", - გვითხრა მზია კაკოშვილმა.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.