ახალციხეში ავარიის შედეგად ხუთი პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ბორჯომის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. სოფელ მუგარეთთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ხუთივე მათგანი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით დახვდა. ისინი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის თქმით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. დანარჩენი ოთხი კი საშუალო სიმძიმის ტრავმებით „ევექსის“ კლინიკაში რჩება.
„პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თბილისში გადაგვყავს სხვადასხვა დაზიანებებით. არასრულწლოვანი არ არის. მას აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის ტრავმა, პოლიტრავმა, ქვედა კიდურის მოტეხილობა. დანარჩენი ოთხი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს კვლევები“, - გვითხრა რევაზ კუჭუხიძემ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.