დაავადებებისას ორი პირი გარდაიცვალა - ნუგზარ კაპანაძე
ახალციხის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში სხვადასხვა დაავადებების 58 შემთხვევა გამოვლინდა.
ნუგზარ კაპანაძის თქმით, სავარაუდოდ საკვების მიერ მოშხამვისა და ინფექციური წარმოშობის დიარეის 26, ქუნთრუშის 12, ჩუტყვავილას 13, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 3, ნოზოკომიური პნევმონიის 3 და ბრუცელოზის 1 შემთხვევა გამოვლინდა.
„დაავადებებისას 2 ქალი გარდაიცვალა, ერთი ფეხმძიმე იყო და კონკრეტული დიაგნოზი არ გვაქვს, მეორე შშმ-პირი იყო და პნევმონიის შემდეგ, სუნთქვის უკმარისობით დაიღუპა. რაც შეეხება დაავადებულებს, ყველა მათგანზე განხორციელდა ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევა, ასევე გამოვიკვლიეთ კონტაქტები, გავუწიეთ შესაბამისი დახმარება“ - ამბობს, ნუგზარ კაპანაძე.
ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში სხვადასხვა დაავადებების 271 შემთხვევა გამოვლინდა, ამასთანავე COVID 19 294 შემთხვევა დაფიქსირდა.