რას უპირისპირებს საქართველო რუსეთის საგანმანათლებლო ექსპანსიას
31.07.2023
ელენა ბარდეღმოსიანი სტუდენტი ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა. მან რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში (РОССИЙСКО-АРМЯНСКИЙ УНИВЕРСИТЕТ) წლის დასაწყისში, უმაღლესი ქულით ჩააბარა. ეს სასწავლებელი საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ სწავლას სთავაზობს. იქ მოხვედრა მარტივია. სტუდენტებს გამოცდის გარეშე, დისტანციურად, გასაუბრებით არჩევენ. ამ მარტივი პროცედურით, კონკრეტულ საგანში აბიტურიენტის ცოდნას კი არ აფასებენ, არამედ რუსულ ენაზე გამართულად საუბრის უნარს.
თუმცა ელენას ჯერ არ გადაუწყვეტია, ისწავლის თუ არა რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში. ის და მისი რამდენიმე კლასელიც პარალელურად ეროვნულ გამოცდებზეც დარეგისტრირდნენ, ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარეს და ახლა პასუხს ელიან, ჩაირიცხებიან თუ არა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შექმნილ 1+4 პროგრამაზე.
„სიმართლე რომ გითხრათ, კლასელების უმრავლესობამ ორივეგან ჩავაბარეთ, რადგან ბოლო წუთამდე გადაწყვეტილი არ გვქონდა, სად გვესწავლა. ჩემთვის არც ეროვნული გამოცდის ზოგადი უნარები იყო რთული. ჯერ კონკრეტულად არ ვიცი სად მინდა სწავლა, ამიტომ გადავწყვიტე ორივეგან მეცადა. საქართველოში რომ დადებითი პასუხი მომივიდეს და უფასოზე ჩავაბარო, ალბათ, თბილისში ვისწავლი. კლასელების ნაწილმა ზუსტად იცის, რომ აქ დარჩენა უნდა,“ - გვეუბნება ელენა და დასძენს, რომ თუკი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდება და სომხეთში მოუწევს წასვლა, მაშინ შესაძლოა ერევანში დარჩენაზე იფიქროს.
ელენამ ახალქალაქის მეორე, რუსულენოვანი სკოლა დაამთავრა. მის კლასში 19 მოსწავლე იყო, რსუ-ში ყველამ ჩააბარა. მისი კლასიდან ვინ დარჩება საქართველოში და ვინ წავა რუსეთსა და ერევანში, აგვისტოში გაირკვევა, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდების პასუხები გახდება ცნობილი.
ზოგადი უნარების ქულებს ელიან ახალქალაქის პირველ, სომხურენოვან სკოლაშიც. დირექტორის, რუზან ტეპოიანის თქმით, 1+4 პროგრამაზე 47 კურსდამთავრებულიდან 15-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
„რუსულ უნივერსიტეტს ჩვენი მოსწავლეებიდან ხუთმა მიმართა და ყველამ უმაღლესი ქულებით ჩააბარა. ყველა აპირებს წასვლას, ზოგი მოსკოვში, ზოგი - ერევანში. რსუ-ში უფასოდ სწავლობენ და ეს მათთვის მიმზიდველია. მით უმეტეს, რომ გამოცდები იქ ბევრად უფრო ადრე იწყება, აპრილში, ამიტომ დარეგისტრირდნენ საქართველოს უნივერსიტეტებშიც და იქაც. სცადეს, თუ გამოვიდოდა ხომ კარგი, თუ არა და აქ ცდიდნენ ბედს. წელს ჩვენმა ერთმა სკოლელმა დაამთავრა რაუ, იქვე დასაქმდა. 1+4 პროგრამაც ძალიან მიმზიდველია მათთვის, გააჩნია გემოვნებას, შესაძლებლობას. ჩვენი სკოლიდან ძალიან ბევრი სტუდენტია, ვინც თბილისში უფასოდ სწავლობს, ყოველ წელს კარგი ქულებით აბარებენ“, - ამბობს რუზან ტეპოიანი.
სად და რატომ მიდიან სასწავლებლად საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები
რუსულ-სომხური უნივერსიტეტი – რუსეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს და სომხეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტი 2003 წელს თავდაპირველად მოსკოვში გაიხსნა. 2015 წლიდან უნივერსიტეტს ერევანში, სომხური სექტორიც დაემატა. რსუ-ში პირველი სტუდენტი ჯავახეთიდან 2015 წელს მოხვდა, მაშინ სასწავლებელს საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ სამი ადგილი ჰქონდა გამოყოფილი. 2019 წელს კი კვოტა 80–მდე გაზარდა.
ქალაქ ახალქალაქში ხუთი საჯარო სკოლაა, აქედან ოთხი არაქართულენოვანია - სამი სომხური და ერთი რუსული. რუსულ-სომხური უნივერსიტეტი და მისი პირობები, ყველა სკოლის მოსწავლისთვის მისაღებია.
ახალქალაქის მეორე, რუსული საჯარო სკოლის 50-მდე კურსდამთავრებულიდან, რსუ-ში განაცხადი ყველამ გააგზავნა. უნივერსიტეტში, ონლაინ გასაუბრებით, ორის გარდა ყველა აბიტურიენტი ჩაირიცხა, ორს რუსული ენის ცოდნა დაუწუნეს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგად განათლებაზე მეტად, რუსული ენის ცოდნის დონეს აქცევენ ყურადღებას.
„უმეტესობამ რუსული ენა იცის და მათთვის მარტივია ამ ენაზე სწავლა. ერთ-ერთი ფაქტორია იქ, რომ უგამოცდოდ, გასაუბრებით აბარებენ და სწავლა უფასოა. ზოგს ნათესავები ჰყავს და სტუდენტისთვის იქ ცხოვრება უფრო იაფია. შარშან ვინც დარეგისტრირდა ეროვნულ გამოცდებზე და შემდეგ რუსეთში და სომხეთში ჩააბარა, აქ გამოცდაზე აღარ გავიდა, წელს ნაწილმა თქვა, რომ მაინც ვცდი და თუ აქ (საქართველოში) უფასოზე მოვხვდით, აღარ წავალთო. ჩვენი სკოლის მაგალითზე რომ ვთქვათ, გასულ წელს უმეტესობა არ მიიღეს რსუ-ში, მაგრამ წელს თითქმის, ყველა მიიღეს. საქართველოში დასაქმების შანსი არის ნაკლები. რუსეთში მუშაობის პერსპექტივას ხედავენ, ამიტომ ურჩევნიათ სასწავლებლადაც იქ წავიდნენ. ვინც 1+4 პროგრამით ისწავლა და უკან, ახალქალაქში დაბრუნდა, სამსახური ვერ იპოვა და ისევ რუსეთში წავიდა სამუშაოდ“, - გვეუბნება ახალქალაქის მეორე (რუსული) საჯარო სკოლის პედაგოგი.
შორენა თეთვაძის თქმით, აბიტურიენტებს რამდენიმე ფაქტორი უბიძგებს, რომ საქართველოში სწავლის ნაცვლად, რუსეთსა და სომხეთში წავიდნენ - მთავარი მაინც ინტეგრაცია, უმუშევრობა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა:
„არავინ იცის რა დაბრკოლებები ხვდებათ საქართველოში სწავლისას. ადრე ინტერესდებოდა სამინისტრო და იკვლევდა, რა იყო კარგი, რა ცუდი და რა რთული, მაგრამ ახლა აღარ ხდება ამის კვლევა. არიან სტუდენტები, რომლებიც საქართველოში 1+4 პროგრამით სწავლობდნენ და პირველი ან მეორე კურსიდან სომხეთში გადავიდნენ სასწავლებლად. რა ხდება იქ, რა სირთულეებს აწყდებიან, როგორ შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფო ან სასწავლებლები - არ ვიცით. ბევრს სწავლა უჭირს, ერთ წელში ვერ ეუფლებიან სახელმწიფო ენას და დისკომფორტი აქვთ. შიშები და კომპლექსები აქვთ, ვერ ადაპტირდებიან. ბევრია სამუშაო ამ მიმართულებით, რომ ახალგაზრდების გადინება არ მოხდეს საქართველოდან. მთავარი პრობლემა მაინც ენის ბარიერი და ფინანსური სიდუხჭირეა“.
ადგილობრივ სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ საგანმანათლებლო და ინტეგრაციის პროგრამები უფრო ეფექტიანი უნდა გახადოს, ასევე უნდა იფიქროს საქართველოში დარჩენილი სომხურენოვანი ახალგაზრდების დასაქმებაზე.
„ბოლო ორი წელია, რუსეთში უფრო ცოტა მიდის, სომხეთში უფრო მიდიან. მაგალითად, ათი კაციდან ერთი მიდის რუსეთში, ოთხი სომხეთში და ხუთი რჩება აქ. სომხეთში ორი მიზეზით მიდიან - ერთია ენის ბარიერი. მეორე შემთხვევაში მიდის ის, ვისაც უბრალოდ დიპლომი უნდა, იქ მარტივია ჩაბარება და სწავლა. საქართველოში რჩებიან მაღალი აკადემიური მოსწრების და მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტები. სომხეთში და რუსეთში ზოგიერთი მართლა იმიტომ მიდის, რომ ნათესავები ჰყავს იქ, მაგრამ უმეტესობა იმიტომ, რომ აქ ჩაბარების და საკუთარი ცოდნის იმედი არ აქვს.“, - გვიხსნის ახალქალაქის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი.
მახარე მაცუკატოვი აბიტურიენტების გადინებას წლებია აკვირდება. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ქართული განათლების სისტემით სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება, თუმცა გარემო ფაქტორები მათ არაერთ ბარიერს უქმნის.
„ჯავახეთში თანდათან იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სახელმწიფო ენა იცის და ამის საჭიროებასაც ხედავენ. საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება საკმაოდ ბევრს უნდა, თუმცა სხვადასხვა პრეცედენტებიდან გამომდინარე, რომ შემდეგ რთულია თავის რეალიზება ადგილზე, თავის იკავებენ. ცუდი მაგალითები აფუჭებენ მოტივაციას. ცუდ მაგალითებში ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად, დაამთავრა 1+4 პროგრამით უნივერსიტეტი საქართველოში, ჩამოვიდა თავის რაიონში, მერიამ ან საკრებულომ გამოაცხადა ვაკანსია, ახალგაზრდებს უნდათ მონაწილეობა მიიღონ და დასაქმდნენ, მაგრამ ვაკანტურ ადგილზე აჰყავთ ვიღაცის ბიძაშვილი, რომელმაც არც სახელმწიფო ენა იცის და არც სპეციალისტია. ნეპოტიზმია და ამის გამო ახალგაზრდები ამბობენ, რაში მჭირდება დამატებითი ძალისხმევა და ენის სწავლა, როცა არის მაგალითი მოეწყო სახელმწიფო სამსახურში ამის გარეშე“, - ამბობს მახარე.
ყოველწლიურად, რამდენი აბიტურიენტი აბარებს რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში, ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ემიგრანტი სტუდენტების შესახებ, ნინოწმინდასა და ახალქალაქში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მათ გარშემო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მსჯელობენ.
„ჯავახეთიდან ვინც მიდის ერევანში სასწავლებლად, თითქმის ყველა აბარებს რსუ-ში. იქ ჩაბარება და დიპლომის აღება ადვილია, ჩემ გარშემო 5-6 აბიტურიენტი წავიდა მანდ. კორუფციაა და ცოდნა არ არის საჭირო, ვისაც მოუნდება ყველა ჩააბარებს. ვისაც კარიერული განვითარება და მართლა სწავლა უნდა, ის რჩება საქართველოში“, - ამბობს ნარინე გინოსიანი, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი. მისი ორგანიზაცია 60-მდე აქტიურ სკოლის მოსწავლესთან მუშაობს და როგორც ნარინე ამბობს, მათგან სომხეთში წელს არავინ მიდის.
რაც შეეხება რუსულ-სომხურ უნივერსიტეტს, ნარინე გინოსიანის თქმით, რსუ-ს შესახებ ჯავახეთში ყველამ იცის. მოსახლეობისთვის ის გზებიც ნათელია, როგორ უნდა მოხვდნენ ამ უნივერსიტეტში. რსუ-ს კურსდამთავრებულებთან მთავარი პრობლემა უკან დაბრუნებისას ჩნდება - სამუშაო ადგილების და დაბალი კომპეტენციის გამო, ახალგაზრდები ისევ საზღვარგარეთ, ამჯერად რუსეთში, სამუშაოდ მიდიან.
„მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რა დონის განათლება აქვთ, საქართველოში სამუშაო არ არის და მაინც საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ. ეს პრობლემა იმ ახალგაზრდებსაც აქვთ, ვინც საქართველოში სწავლობს. სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამა იყო, დაპირებაც იყო, ვინც ქართული იცოდა და სტაჟირებას გაივლიდა, აუცილებლად დასაქმდებოდა, მაგრამ არ მოხდა ასე. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, სწავლობენ თბილისში, ბრუნდებიან ნინოწმინდაში და უმუშევრად რჩებიან. მერე ზოგი თბილისში მიდის, ზოგი საზღვარგარეთ“, - გვიყვება ნარინე. მისი ორგანიზაცია ახალგაზრდების და ქალების გაძლიერებაზე მუშაობს. ცდილობენ, ახალგაზრდებს დაანახონ განათლების საჭიროება, ჩამოჰყავთ თბილისიდან წარმატებული, აქტიური სტუდენტები და ნინოწმინდელ მოსწავლეებს ახვედრებენ.
1+4 - პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის
რსუ-ს მიმზიდველი პირობების მიუხედავად, იზრდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირდებიან. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდაზე 607 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, 2023 წელს კი - 689. 1+4 პროგრამაზე მოთხოვნის გაზრდას ადასტურებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც. მაკა ბერიძის თქმით, უნივერსიტეტს სულ 92 ადგილი აქვს ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, აქედან ნაწილი სომხური, ნაწილი კი აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდებისთვის.
„წლებია, ვითვისებთ სომხური სკოლადამთავრებულებისთვის გამოყოფილ ადგილებს. როცა ვხვდებით, რომ მეტია საჭირო, მივმართავთ სამინისტროს და ვითხოვთ აზერბაიჯანულენოვანი სკოლადამთავრებულებისთვის გამოყოფილ კვოტასაც. წელს ძალიან მაღალია მოთხოვნა. ერთ ადგილზე ოთხი აბიტურიენტი მოდის. ზოგჯერ მეტია, ზოგჯერ ნაკლები, მაგრამ ჯერ არ ყოფილა, რომ სომხური კვოტა არ ათვისებულიყო“.
რექტორის თქმით, გასულ წელს 1+4 პროგრამაზე 48 აბიტურიენტი მიიღეს, წელს 59 ადგილია თავისუფალი, თუმცა აპლიკანტების ნაწილი, მაღალი კონკურენციის გამო შესაძლოა პროგრამის მიღმა აღმოჩნდეს.
1+4 პროგრამა 2010 წელს ამოქმედდა. მისი მიზანი, უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაა. პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას მშობლიურ ენაზე. სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს, შემდგომ აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.
დიანასა და სუზის არჩევანი
ერთ-ერთი, ვინც საქართველოში დარჩენა და განათლების მიღება გადაწყვიტა, დიანა დანელიანია. ის 23 წლისაა და ახალციხეში ცხოვრობს. სომხური სკოლის დამთავრების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1+4 პროგრამით ჩაირიცხა. პირველ წელს სახელმწიფო ენას ეუფლებოდა, მომდევნო ოთხი წელი კი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობდა.
სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ, მისი აქტიურობაც დაიწყო. გოგო, რომელმაც ქართული ენა კარგად არ იცოდა, მიხვდა, რომ თავის დამკვიდრებისთვის ქართული ენის ცოდნა აუცილებელი პირობა იყო. თავიდან გაუბედავად, შემდეგ უფრო თამამად ესწრებოდა ტრენინგებს, კონფერენციებს, მონაწილეობდა არაერთ პროგრამაში.
„რადგან არ ვიცოდი სახელმწიფო ენა, ვიფიქრე, რომ მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა პროექტში. იქ არიან ქართველები და სხვა ეთნიკური უმცირესობები. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნება, თუ მეგობრები მეყოლება ქართველები და მათგან ვისწავლი ქართულ ენას. მე ძალიან მომწონს, რომ ახლა აქტიური ვარ“, - გვეუბნება დიანა და დასძენს, რომ ეს გზა მარტივი არ ყოფილა
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ახლა თვითონ ეხმარება ინტეგრაციაში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს.
„რატომ მიდიან სომხეთში და რუსეთში ახალგაზრდები? ალბათ იმიტომ, რომ არ იციან სახელმწიფო ენა და ეშინიათ, რომ აქ ისწავლონ,“ - ასე ფიქრობს დიანა.
დიანა დანელიანთან ერთად, ახალგაზრდების გააქტიურებაზე სუზი შაქარჯიანი მუშაობს. ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია. უმაღლესი განათლების ორივე საფეხური სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა. სწავლის პარალელურად, მუდმივად შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობდა. ამჟამად რონდელის ფონდის და ნიდერლანდების საელჩოს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია და გრანტის ფარგლებში პროექტს ახორციელებს. სუზიმ ახალციხის მეორე, რუსულ-ქართული სკოლა დაამთავრა. მისი კლასელების დიდი ნაწილი საქართველოში დარჩა, ნაწილი რუსეთში წავიდა, უფრო მცირე ნაწილი კი - ევროპაში.
„არ მიფიქრია სხვა ქვეყანაში განათლების მიღებაზე. როგორც საქართველოს მოქალაქეს ყოველთვის მიმაჩნდა სწორად, რომ სრულყოფილად მესწავლა სახელმწიფო ენა. აქედან გამომდინარე, სკოლის პერიოდიდანვე ვცდილობდი ბევრი ლიტერატურა წამეკითხა ქართულად და აქტიურად ვერთვებოდი არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ დავამთავრე რუსული სკოლა, ქართულ ენაზე ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდების ოთხი გამოცდა და ჩავირიცხე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. რა თქმა უნდა, თავიდან მირთულდებოდა ახალი ტერმინები, გარემო, რადგან ვიყავი გამოუცდელი, თუმცა ძალიან მალე გადავლახე ეს სირთულეები“.
როგორ ებრძვის სახელმწიფო რუსულ გავლენას
არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში რუსეთის გავლენა და პრორუსული განწყობები უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ამ ფონზე, რუსულ-სომხური უნივერსიტეტის პირობები და სომეხი ახალგაზრდებისთვის გაკეთებული შეთავაზება, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის და სიმპათიებს აძლიერებს. რას სთავაზობს სანაცვლოდ საქართველო - განათლების სამინისტროს ვკითხეთ. უწყებამ ჩვენი არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მიმართვა უპასუხოდ დატოვა.
ინფორმაციის მოთხოვნაზე წერილობით გვიპასუხა რეინტეგრაციის სამინისტრომ. უწყების ცნობით, სომეხი ახალგაზრდების ინტეგრაციის ძირითად მექანიზმს 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია წარმოადგენს. მასში წერია, რომ მისი მიზანი, ყველა ეთნიკური წარმომადგენლისთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების მიცემა, ასევე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა უნდა იყოს. ამ პოლიტიკის განსახორციელებლად სამინისტროს ხუთი პრიორიტეტული მიმართულება აქვს განსაზღვრული - სახელმწიფო ენის სწავლა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; თანასწორობა, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა; სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურათაშორისი დიალოგი.
„ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს პოლიტიკის ფარგლებში ინიციირებული/დაგეგმილი არაერთი პროგრამა, მათ შორის ბილინგვური განათლების პროგრამა, ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის სწავლება საცხოვრებელ ადგილზე და სხვა, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოქმედი „1+4 საგანმანათლებლო პროგრამა“, პროფესიული განათლების პროგრამები, „1+4 სტაჟირების პროგრამა“. კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ/სემინარები, მაღალია ახალგაზრდების ინტერესი და ჩართულობა საკონსულტაციო თემატური ჯგუფის შეხვედრებში, რომელიც ფუნქციონირებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიასთან“, - წერია უწყების წერილში.
სამცხე-ჯავახეთის რუსულენოვან სკოლებში 1 200-მდე მოსწავლეა. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ორი წლის წინ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, რუსეთში წამსვლელთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაშია. ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის თავმჯდომარის შალვა ტაბატაძის თქმით, მშობლებს თავიდანვე აქვთ გადაწყვეტილი, რომ რუსულენოვანი სკოლის მოსწავლეები მიგრანტებად იზრდებიან და ამ პირებმა უმაღლესი განათლება რუსეთში უნდა მიიღონ, ქართული საგანმანათლებლო სისტემა კი მიგრანტებს არ უნდა ზრდიდეს.
„იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში აბარებენ, მაგრამ თუ შევადარებთ აზერბაიჯანულენოვან კურსდამთავრებულებს, სომხურენოვანზე რაოდენობა სამჯერ უფრო ნაკლებია. სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი პოლიტიკა, რომ გაზარდოს სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა წილი დაფინანსებულ პროგრამებში, გასცეს სტიპენდიები, ვინც სამცხე-ჯავახეთიდან თბილისში ჩამოვა და ამისთვის დამატებითი ხარჯი ექნება. ეს პოლიტიკა თუ გატარდება, მეტი დარჩება ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, - ამბობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე. შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმების საჭიროებაა, განსაკუთრებით, არაქართულენოვანი სკოლების. მკვლევრის თქმით, ეთნიკურად სომეხმა მოსწავლეებმა მშობლიურ ენაზე უნდა ისწავლონ, თუმცა სახელმწიფო ენის სწავლების დონე გაცილებით მაღალი უნდა იყოს.
„ის, რომ ზოგიერთი არჩევს საზღვარგარეთ მიიღოს განათლება, ეს იქნება პრობლემატური, რადგან თავსებადი არ შეიძლება იყოს ის დიპლომი და სპეციალობა, რომელიც შექმნილია რუსეთის და სომხეთის შრომითი ბაზრისთვის. საქართველოში დაბრუნებულებმა შესაძლოა, ვერ ნახონ ამ სივრცეში ადგილი. სამოქალაქო ცნობიერების თვალსაზრისით, საქართველოში ზოგადი და უმაღლეს განათლება მიღებული ადამიანები გაცილებით უფრო ლოიალურები არიან ქართული სახელმწიფოსადმი და თანაბარუფლებიანი მოქალაქეობის განცდა უფრო დიდია, ვიდრე საზღვარგარეთ განათლებამიღებულებში“.
როცა კურსდამთავრებული სწავლას რუსულ უნივერსიტეტში აგრძელებს, ამით საქართველო საკუთარ მოქალაქეს კარგავს, - მიაჩნიათ განათლების სფეროს ექსპერტებს. მათი თქმით, რუსეთი ყველა გზით ცდილობს პროპაგანდის გავრცელებას, გამონაკლისი არც განათლების სისტემაა, სახელმწიფო კი, ახალგაზრდების გადინებასა და მათში პრორუსული განწყობების ზრდას ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.