მედია
დამოუკიდებელი მედიის ბრძოლა გადარჩენისთვის
ქართული მედია 2024 წელს ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველი გარემოთი, გაუარესებული ფინანსური მდგომარეობით და პროფესიიდან და ქვეყნიდან წასული სპეციალისტებით ხვდება. სტატიაში გიყვებით როგორ შეიძლება მედია გაუმკლავდეს გამოწვევებს და მომრავლებული სირთულეების ფონზე შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა.
ახალციხელი 75 წლის ზურაბ ველიჯანაშვილი ინფორმაციის მისაღებად ძირითადად ქართულ და რუსულ არხებს უყურებს. მოსმენილი ამბებით კმაყოფილი არ არის, რადგან ინფორმაციას ყველა არხზე განსხვავებული აქცენტებით ისმენს, თუმცა ,,ამასაც მიეჩვია“. ახლა ცდილობს ,,ორი განსხვავებული რეალობიდან“ აზრი თავად გამოიტანოს.
,,რუსულ არხებსაც ვუყურებ და ქართულსაც. ზოგი მომწონს, ზოგი არა. ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, კმაყოფილი რომ იყოს ყველა, არ არსებობს. ინფორმაციაც მოქმედებს ადამიანის ტვინზე, ეგეც უარყოფითად. გავლენას ახდენს, თან ძალიან. პროპაგანდაც ასევეა, ადრე გაზეთები იყო, რომელიც გავლენას ახდენდა. ამიტომ არ შეგიძლია თქვა, სად არის სიმართლე და სად სიცრუე“ - ამბობს ზურაბ ველიჯანაშვილი.
ქართულ და რუსულ არხებთან ერთად სომხურ არხებსაც უყურებს ახალქალაქელი ვარდან ჩოკანდარიანი. ველიჯანაშვილის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ სამყარო ორ ნაწილად გაიყო და ყველა ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
,,მედია ყოველთვის იყო პროპაგანდის ნაწილი და ახლაც ასეა, მოსმენილ ამბებს ნაწილობრივ ვენდობი, დანარჩენზე აზრი თავად გამომაქვს. სომხეთშიც ასეა და რუსეთშიც. საქართველოში განსხვავებული არაფერია, თუ ძირითად მესიჯებს არ ჩავთვლით“ - ამბობს ჩოკანდარიანი.
ზურაბისა და ვარდანის მსგავსად ფიქრობს სამცხე-ჯავახეთში www.tv9news.ge -ს მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა. 20 გამოკითხულიდან, ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ მედიისადმი ნდობა ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად დაიკარგა.
მოსახლეობის განწყობა მედიის მიმართ არ უკვირთ ჟურნალისტებს. ,,მეოთხე ხელისუფლების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დამოკიდებულება იმ დისკრედიტაციის კამპანიის ადეკვატურია, რომელიც ბოლო წლებში სფეროს მიმართ სხვადასხვა უწყებების მიერ არის წახალისებული - ამბობს ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის (JRC) პროდიუსერი და პროექტების კოორდინატორი ნინა ხელაძე.
,,ჟურნალისტის საქმიანობის შედეგის მთავარი მიმღები ხალხია და როდესაც საზოგადოებას სისტემატურად, წლების განმავლობაში ეუბნები, რომ მედია მტერია ეს არის დანაშაული, ეს არა მხოლოდ ჩვენი - მედიის გამოწვევაა, არამედ ეს არის საფრთხე დემოკრატიისთვის.
ამ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილია მედიის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა. საზოგადოების ჯგუფებს ეუბნებიან, რომ მედიის წინააღმდეგ დანაშაული დანაშაული არ არის. რეგიონული მედიის ჭრილში გამოწვევები კიდევ უფრო მრავალფეროვანია და ზემოთ მოყვანილ პოლიტიკურ ქცევას ერთვის თან“ - მიიჩნევს ნინა ხელაძე.
პროფესიის დისკრედიტაციას ჟურნალისტთა უსაფრთხოების პრობლემაც ერთვის. ჩამოთვლილ გამოწვევებს, დამატებით ის პრობლემებიც ემატება, რის წინაშეც ხშირად რეგიონული მედია დგას.
,,დამოუკიდებელი მედია ხშირად დგას არჩევანის წინაშე - ან უნდა შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა და უამრავი პრობლემის ფონზე გააგრძელოს საქმიანობა, ფაქტობრივად ენთუზიაზმით, ან მიიღოს შემოთავაზებები, რომელიც არაერთია - სახელისუფლებო გუნდიდან, სხვადასხვა ბიზნესმენისგან და გახდეს მხარე.
ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის ემატება ფინანსური სირთულეები და არამდგრადობა, რასაც თან ერთვის ბოლო წლებში ჟურნალისტური საქმიანობის დისკრედიტაცია, მედიის თანამშრომელთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, რაც საბოლოოდ მთავრდება იმით, რომ ადამიანები პროფესიიდან და ქვეყნიდანაც კი მიდიან“ - აღნიშნავს სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირის დირექტორი და ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე.
რეგიონულ მედიაში გაუარესებულ მდგომარეობას ერთის მხრივ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემები, ხოლო მეორეს მხრივ მედიის შიდა კვლევა ადასტურებს. წინა წლებთან შედარებით დამოუკიდებელ, რეგიონულ მედიაში შემცირებულია კომერციული შემოსავლები და შესაბამისად, საეთერო ბადიდან გამქრალია გადაცემები და რუბრიკები.
ახალქალაქის ონლაინმედია www.jnews.ge -ს დირექტორი თავის მხრივ იმ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში რეგიონულ მედიას არსებულთან ერთად ემატება.
,,ამ ყველაფერს ემატება დონორთა შემცირებული ყურადღება. იკვეთება, რომ მათ პრიორიტეტებში აღარ არის რეგიონული მედია. რეგიონული მედიისთვის კომერციული შემოსავლებით თავის რჩენა შეუძლებელია. ჩვენ შემთხვევაში ეს თანხა მხოლოდ 2-3%-ს შეადგენს. კარგია, რომ გვყავს სტაბილური დონორი, რომელიც მხოლოდ მინიმალურ ხელფასებსა და ქირას გვიფარავს, თუმცა ეს არსებობისთვის არის საკმარისი და არა განვითარება/გაძლიერებისთვის“ - ამბობს რიმა ღარიბიანი.
Jnews.ge-ს ხელმძღვანელი მცირე მედიების როლის შესახებაც ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ მცირე მედიებისთვის ბოლო დროს კიდევ უფრო კრიტიკული გარემო შეიქმნა, რადგან ადგილზე მნიშვნელოვანი პრობლემების გაშუქება -გადაჭრაში მოსახლეობას სწორედ რეგიონული, დამოუკიდებელი მედიები ეხმარებიან.
ჟურნალისტებმა ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება პირველ რიგში, უკანასკნელ წლებში მომხდარი მოვლენების შემდეგ მიიღეს - ფიზიკური თავდასხმები, საფრთხის შემცველი გარემო, ხელისუფლების მიერ წაქეზებული აგრესია - ეს ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც ჟურნალისტები პროფესიას და ქვეყანას ტოვებენ. ემიგრაციაში წასვლის კიდევ ერთი მიზეზი ფინანსური სირთულეებია.
ლუბა გიორგაძე სამცხე-ჯავახეთში ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი იყო. სამსახურიდან და ქვეყნიდან 2021 წლის სექტემბერში წავიდა. ფიქრობს, რომ მისი პროფესიიდან წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა დამოუკიდებელი მედიების ფინანსური მდგომარეობა, გახშირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები და თავდასხმების შემთხვევები.
,,ემიგრაციაში წასვლისა და ჩემი პროფესიის, საქმის მიტოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შემიწყო არაჯანსაღმა მედიაგარემომ, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლამ, შევიწროებებმა და ა.შ. რაც საკუთარ თავზეც არაერთხელ გამოვცადე და ეს ყველაფერი არ იყო არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის მარტივად მისაღები“ - აღნიშნავს ლუბა, რომელიც ტელეკომპანია ,,ფორმულას“ სამცხე-ჯავახეთის ბიუროში ორი წელი მუშაობდა.
ქვეყნიდან და პროფესიიდან თითქმის ორი წლის წინ წავიდა ტვ პირველის ჟურნალისტი შიდა ქართლიდან. მალხაზ მიქელაძე ნიუ-ორკში იტალიურ რესტორანში მომსახურების სფეროში მუშაობს. ამბობს, რომ იქაურ მეგობრებს და კოლეგებს უკვირთ, როგორ შეიძლება საქართველოში ჟურნალისტის წარმატებული კარიერა მიატოვო და სხვა ქვეყანაში წახვიდე.
,,რატომ წავედი? ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი. წავედი, რადგან ვხვდებოდი რომ პროფესია, რომელსაც ვემსახურებოდი, იყო დაუფასებელი. იყო უდიდესი აგრესია ,,ქართული ოცნების“ მეხოტბეებისა და მხარდამჭერების მხრიდან. მაგალითად, როდესაც ვიდექი ჩართვაზე, ქუჩაში ან ვაშუქებდი ნებისმიერ თემას, ვიღაცები მანქანიდან ან თუნდაც ფეხით მოსიარულეები იყვნენ აგრესიულები, პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიოდნენ.
მივხვდი, რომ უკვე გასაქანი აღარ გაქვს როგორც პროფესიონალს და როგორც ქვეყნის მოქალაქეს. ამას ემატებოდა ფინანსური პრობლემები. ყველამ კარგად იცის, რომ კრიტიკულ მედიაში, სადაც მე ვმუშაობდი, არ იყო ისეთი ანაზღაურება, რომელიც ელემენტარულ საარსებო მინიმუმს დააკმაყოფილებდა“ - აღნიშნავს მალხაზ მიქელაძე.
დამოუკიდებელ მედიებში უკიდურესად შემცირებული შემოსავლები, თითქმის გამქრალი სარეკლამო დაკვეთები, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი 100 მილიონიანი ბიუჯეტით იქცა მცირე რეგიონული მედიების კონკურენტად, მნიშვნელოვნად შემცირებული საგრანტო მხარდაჭერა და სათემო მედიებიდან გამქრალი საინფორმაციო და ტოქ-შოუ პროგრამები - ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებ ჟურნალისტთა რესურსცენტრის პროდიუსერი და პროექტების კოორდინატორი საუბრობს.
,,ბიზნესი ფაქტობრივად არ ხედავს მცირე მედიებს, არც სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. საქართველოს მაგვარი ტურბულენტური მედიაგარემოს მქონე ქვეყანაში დამოუკიდებელი სიტყვა სულ უფრო სუსტად ისმის. მედიის რეგიონული რუკა 2024 წლის უმნიშვნელოვანეს არჩევნებს ძალიან ფერმკრთალი ხვდება.
გასულ წელს რესურსების არ ქონის გამო დახურული დამოუკიდებელი, დიდი გამოცდილების მქონე ნიუსრუმიც ვნახეთ, ყოველდღიური ადგილობრივი საინფორმაციო პროგრამის კეთება კი 20-ზე მეტი ტელემაუწყებლიდან ხუთი- ექვსღა შეუძლია. არადა, საარჩევნო ცვლილებების კონტექსტში კიდევ უფრო ზრდის ადგილობრივი მედიის შეუცვლელ როლს. ვითარების სასიკეთოდ შეცვლის ხედვა-პრაქტიკა არის, თუმცა არცთუ მრავალფეროვანი” - აღნიშნავს ნინა ხელაძე.
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი, ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებამდე მედია ბევრმა ფაქტორმა მიიყვანა, მათ შორის მოძალებულმა დეზინფორმაციამ, სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა, ქვეყანაში არასტაბილურმა მდგომარეობამ, ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველმა გარემომ.
„მედიას აღარ აქვს თანმიმდევრულობა, სპონტანურია, ეს კი მაყურებელს აბნევს. დღეს რატომ მელაპარაკები კარგი ხარისხით და ხვალ სად დამეკარგე? არადა, იმიტომ დაიკარგა, რომ პროექტი დაუმთავრდა ადგილობრივ მედიას და ვეღარ შეძლო, მანქანა დაექოქა და სოფელში ჩასულიყო.
საინფორმაციო პროგრამების შენარჩუნება უჭირთ, ყოველდღე ნიუსის წარმოების პრობლემა აქვს თითქმის ყველა ადგილობრივ მედიას, გაჩერებულია მათი დიდი ნაწილი. ეს ყველაფერი გროვდება არასტაბილურ საინფორმაციო ნაკადში, რომელიც თავისთავად გაძლევს არაინფორმირებულ, დაბნეულ მოქალაქეს.
ვინ იკავებს ამ ცარიელ ადგილს? ვხედავთ რომელი აქტორები ძლიერდებიან, რომელი აქტორები ხსნიან კარგ ოფისებს, ვის აქვს სტაბილური მხარდაჭერა. რეალურად რომ შევხედოთ, ბინძური ფულის მოძიება მტრულ ქვეყნიდან ძალიან მარტივია. ძალიან გართულებულია დამოუკიდებელი, ქვეყნის მოყვარული, პატრიოტი მედიების ფუნქციონირება,“ - ამბობს ნათია და დასძენს, რომ ბოლო წლებში, არაერთმა საკანონმდებლო ცვლილებამ და ხელისუფლების დამოკიდებულებამ სერიოზულად დააზარალა დამოუკიდებელი მედია, რომელსაც სულ უფრო მეტად უჭირს კომერციული შემოსავლების მოზიდვა.
Zinc Network-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77% ტელევიზორს კვირაში ერთხელ მაინც უყურებს, სოციალურ მედიას კი კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს გამოკითხულთა 75%. როგორც ირკვევა, სოციალური მედიის მოხმარება ტელევიზიის ყურებადობის მაჩვენებელს თითქმის გაუთანაბრდა. გამოკითხული მოსახლეობის 21% ტელევიზიიდან მიღებულ ინფორმაციას არ ენდობა. საქართველოს მასშტაბით 2,757 ინტერვიუ ადამიანთან ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.
როგორ შეიძლება მედია გაუმკლავდეს გამოწვევებს და მომრავლებული სირთულეების ფონზე შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, მიაწოდოს საზოგადოებას ობიექტური და სიღრმისეული ინფორმაცია და შეასრულოს ,,მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქცია. ნინა ხელაძის თქმით, რეგიონული მედიები საარჩევნო წელს საზოგადოების ინფორმირებას გაერთიანებული პროგრამირებით აპირებენ.
,,დემოკრატიის განვითარებაში დამოუკიდებელი რეგიონული, სათემო მედიების როლის საფუძვლიანი გააზრება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელსაც მათი ნაწილი ფლობს, მრავალწლიანი ინსტიტუციური მდგრადობა (ზოგიერთი მათგანი საქართველოს დემოკრატიის თანატოლია ან უფროსიც), გამოცდილება და გავლენა ლოკალურ აუდიტორიაზე არის უძვირფასესი აქტივი“ - ამბობს ნინა ხელაძე.
მედიამკვლევრები აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპის მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა. ამას ემატება განათლების დაბალი ხარისხიც, რადგან, მედიის განვითარების ფონდის ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დეზინფორმაციის კუთხით მოწყვლადია, ხოლო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა. მედიის განვითარების ფონდის დირექტორის თამარ კინწურაშვილის თქმით, მედიის მიმართ ნდობის დაწევა ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში მედიამ მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია, იმიტომ რომ ,,ოპოზიციურმა მედიამ გინებებით და მთავრიდან მეორე ხარისხოვან საკითხზე აქცენტის გადატანით შეიმცირა ნდობა და მეორე, ხელისუფლება რასაც აკეთებს მიზანმიმართულად“. მას მთელი ინფრასტრუქტურა აქვს განვითარებული ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაციისთვის, მედიის გადასარჩენად კი ყველა აქტორმა თავისი როლი უნდა შეასრულოს.
,,დონორებმაც უნდა გადახედონ თავის პრიორიტეტებს, რომ გარკვეულწილად მოხდეს იმის შეფასება, რაც კეთდებოდა და დაინერგოს ახალი. დიდი ნაციონალური არხების სანდოობასაც უნდა შეეწყოს ხელი, მაგრამ ამავე დროს, საჭიროა იმ პატარა მედიების გაძლიერებაც, რომლებიც პროფესიულ სტანდარტებს იცავენ.
შეიძლება პატარა მედიები დიდებივით დღის წესრიგზე გავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ დიდი მედიების მიმართ სანდოობის გამოსწორების პარალელურად, უფრო მეტზე აქვთ წვდომა. უნდა შენარჩუნდეს ხარისხიანი მედია, რომელიც უფრო მეტად ადამიანზე იქნება ორიენტირებული და არა მხოლოდ პოლიტიკურ დღის წესრიგზე“ - აღნიშნავს თამარ კინწურაშვილი.
Տարածեք :