გუბერნატორის მოადგილემ დეკლარაცია არასრულად შეავსო
სახელმწიფო რწმუნებულებისა და მათი მოადგილეების ნაწილმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში.
ორგანიზაციამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2021 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა. დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ხაჩიძეს 2021 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის თანასაკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარეობს.
ასევე არ აქვს აღნიშნული, რომ მეუღლე - ნატალია ჟორდანია ფლობს ბინას თბილისში, კოსტავას ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ხაჩიძეს ასახული ჰქონდა წინა, 2020 წლის დეკლარაციაში.
რატომ არ შეიტანა ორი სახლის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციაში - ამის გარკვევა ზურაბ ხაჩიძესთან ვცადეთ, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს. სამხარეო ადმინისტრაციაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
„36 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 12-მა ხარვეზებით შეავსო. მათგან 6 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული. გამოვლინდა თითო შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია და ასევე არ აქვს დეკლარირებული ოჯახის წევრის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანია. 5 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება“, - წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.