არის მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგი - ამერიკელი ექიმი მიხეილ სააკაშვილზე
ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის თანახმად, რომელიც 2022 წლის 28 ნოემბრით თარიღდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის და დარიშხანის კვალია აღმოჩენილი. დასკვნაში წერია, რომ ამ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.
‘’ჩემი ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე, ბევრი პათოლოგიური სიმპტომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გამოუვლინდა, არის მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგი“, - წერს ექსპერტი.
ის წერს, რომ უმრავლესობა ამ მძიმე მეტალების შემცველი მედიკამენტებისა არ ყოფილა დანიშნული სამედიცინო თვალსაზრისით და ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებას.
პროფესორის აზრით, ეს ტოქსიკური ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, სავარაუდოდ, მისი პატიმრობის შემდეგ მოხვდა.
„მას, მკაფიო ჩვენებების გარეშე,დანიშნული ჰქონდა სხვადასხვა სახის მედიკამენტები, მათ შორის ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტი, როგორიცაა ფენიბუტი. ჩემი ექსპერტული აზრით, ასეთი მედიკამენტების ერთდროული მიღება, დამტკიცებული ჩვენების გარეშე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიიდან ჩანს, აჩენს გვერდითი მოვლენების გაჩენის სერიოზულ საფრთხეს და იწვევს დამოკიდებულებას“.
ამერიკელი ტოქსიკოლოგი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ ფსიქოტროპული მედიკამენტის, ფენიბუტის მიცემამ, ოპიოიდების ბოროტად გამოყენებასთან ერთად, გამოიწვია მისი ავადობისა და სიკვდილიანობის მზარდი საფრთხე.
მის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიფარმაციამ (14 მედიკამენტი სიაში) გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, ამიტომ ახლა ტვინის სათანადო აღდგენისთვის აუცილებელია ამ წამლებისგან დეტოქსიკაცია.
დევიდ სმიტი წერს, რომ საამისოდ საჭიროა პაციენტის გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობისათვის.
1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.