ეკონომიკა
,,გაჩნდა იდეა, რომ საქართველოდან გერმანიაში წაგვეყვანა მუშახელი სეზონურ სამუშაოებზე" - გერმანიის ელჩი
გაჩნდა იდეა, რომ საქართველოდან გერმანიაში წაგვეყვანა მუშახელი სეზონურ სამუშაოებზე, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. ელჩის თქმით, მოკლე დროით საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სამუშაოდ წაყვანის საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქმნება, კერძოდ დასაქმების სააგენტო, რომელიც იქნება შუამავალი სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის.
ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უმუშევრობის დაძლევისათვის და ამ სააგენტოსთან გვსურს, ჩვენ თანამშრომლობა. გერმანიის შრომის ფედერალური უწყება, რომელსაც გერმანიაში იგივე ფუნქცია აქვს, ითანამშრომლებს საქართველოს დასაქმების სააგენტოსთან.
გაჩნდა იდეა, რომ საქართველოდან გერმანიაში წაგვეყვანა მუშახელი სეზონურ სამუშაოებზე, ე.ი. მოკლე დროით, ერთი, ორი ან სამი თვით, მაგალითად სოფლის მეურნეობაში მოსავლის აღების დროს.
ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე - თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები და დაახლოებით, როდისთვის შეიძლება ამოქმედდეს ეს ინიციატივა, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ ჯერ მთავარია საქართველოში შეიქმნას დასაქმების სააგენტო და გახდეს ის ქმედუნარიანი.
„ამ სააგენტოს გარეშე ასეთი სახის თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა ელჩმა. ცნობისთვის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მისი პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
რაც შეეხება სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების გაშვების საკითხს, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გასულ თვეს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იგეგმება რამდენიმე ასეული მოქალაქის გაშვება.
“ამ პროცესს ჩვენ დავიწყებთ ძალიან აქტიურად... შეიძლება რამდენიმე ასეული უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე. 2-3 წელიწადში პრინციპში ეს არის დალაგებადი, რომ ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეიძლება, დაგაინტერესოთ:
გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი
Տարածեք :