ეკონომიკა
გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 98 443, ისრაელში კი 1 427 პირს სურს
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი 98 443 ადამიანმა გამოთქვა, ისრაელში კი 1 427-მა პირმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შემთხვევაში, დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს 5 000-მდე მოქალაქეს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ.
რაც შეეხება ისრაელს, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
„ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტაც განსაზღვრულია - იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე", - აცხადებენ სააგენტოში.
სპეციალურ პორტალზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 15 თებერვლიდან, ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე კი 12 აპრილიდან დაიწყო.
რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: workabroad.moh.gov.ge
Տարածեք :