შეძლებენ თუ არა რუსეთში აღებული ბარათების მფლობელები საქართველოში თანხის განაღდებასა და ამ ბარათებით გადახდას
დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს. კორპორაციები - „ვიზა“ და „მასტერქარდი“ რუს კლიენტებს ყველა ტრანზაქციას უჩერებენ. „საგადასახადო გიგანტები, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, პროტესტის ნიშნად, რუსეთში ოპერაციებს აჩერებენ“, - წერს BBC.
მომსახურება რუსეთის მოქალაქეებისთვის არც ქვეყნის ტერიტორიაზე და არც მის ფარგლებს გარეთ აღარ განხორციელდება.
საქართველოს საბანკო ასოციაცია განმარტავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, რომლის თანახმადაც, VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება, ერთის მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გაცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ და მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები.
„დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას. ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც“, - აღნიშნულია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში.