ეკონომიკა
საკურორტო ადგილების შესახებ რეესტრი შეიქმნება
მთავრობამ „კურორტების შესახებ“ დადგენილება მიიღო. დოკუმენტი საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და ადგენს კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ ნუსხას.
დადგენილების თანახმად, ტერიტორიისთვის კურორტის, ან საკურორტო ადგილის სტატუსის მინიჭებისა თუ გაუქმების შესახებ მოქალაქემ კურორტების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს. თავის მხრივ, სააგენტო 30 დღის განმავლობაში განიხილავს განაცხადს და დაადგეს ტერიტორიის შესაბამისობას მოთხოვნებთან.
დადგენილებით კურორტების განვითარების სააგენტოს დამატებითი ფუნქციები განესაზღვრა, ესენია:
- კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- საკურორტო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა;
- კურორტებსა და საკურორტო ადგილებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
- გეოინფორმაციული რუკების მომზადება, საკურორტო ადგილების რეესტრის შექმნა, ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;
- კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მაღალი რისკის პროფესიის პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა;
- საინვესტიციო წინადადების შემუშავება, ასევე მცირე და საშუალო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობა, პროექტების შემუშავება და განხორციელება.
ცნობისთვის, ამავე დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოში არსებული კურორტები და საკურორტო ადგილები.
დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე აისახა, სამცხე - ჯავახეთის კურორტებიც არის, ესენია: აბასთუმანი, ასპინძა, ახალდაბა, ახალციხე, ბაკურიანი, ბორჯომი, ვარძია, პატარა ცემი, ცემი, ციხისჯვარი და წაღვერი.
Տարածեք :