ეკონომიკა
დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის - ფინანასთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, განიხილავს თუ არა მინისტრთა კაბინეტი თემას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოწია.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამ საკითხზე შეიძლება იყოს საუბარი.
„სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, ვინ იქნას შემოშვებული და ვინ არა ქვეყანაში და საფრთხეებს ვინ შეიცავს და ვინ არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის პირი აპირებს ქვეყანაში შემოსვლას. დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს.
როგორც ზურაბიშვილმა მოლდოვაში თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.
ამასთან, ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლა საქართველოში, გამოწვევაა.
„არ არის გამორიცხული სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერაა გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვის საჭიროება არ დგას. მისი მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ფილტრაციის სისტემა, რომელიც არაკეთილმოსურნეების შემოსვლას გამორიცხავს.
"ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს არაკეთილმოსურნეების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში, ამის ნათელი დადასტურებაა დღემდე რამდენმა გადმოკვეთა რუსეთის მოქალაქემ, მათ შორის ტრანზიტად გამოიყენეს, ამაზეც ითქვა, თუმცა არანაირი პროვოკაცია აქ არ მომხდარა. ეს მიუთითებს იმაზე რომ როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, შსს ასევე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ შესაბამისად, ფილტრაცია აქვთ შესაბამისი, აქედან გამომდინარე, არ საჭიროებს გადახედვას", - თქვა ზარქუამ.
მისი მტკიცებით, ის რეჟიმი რაც რუსეთთან გვქვს ჩვენი ეკონომიკის ინტერესებშია.
Տարածեք :