ოქრო საგრძნობლად გაიაფდა
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დაეცა. 2-6 თებერვლის შუალედში ამ ძვირფასი ლითონის ღირებულებამ 4.1%-ით, 1 957 აშშ დოლარიდან 1 876 აშშ დოლარამდე დაიკლო.
მეტალის ღირებულების კლებას აშშ-ს ფედერალური რეზერვის მიერ შრომითი ბაზრის მონაცემების გამოქვეყნება განაპირობებს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარში დამატებით 517,000 ადამიანი დასაქმდა, რაც ეკონომისტების გამოთვლებს, 185,000-ს მნიშვნელოვნად აღემატება. ამერიკაში უმუშევრობის დონე ამჟამად 3.4%-ზეა, რაც 1969 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ ფედერალური რეზერვის აგრესიული მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც რეცესიის რისკებს იწვევდა, თანამშრომლების დაქირავებას არ აფერხებს.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონის მონაცემებს აშშ-ს ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. უმუშევრობის შემცირება ცხადყოფს, რომ მდგომარეობა მოსალოდნელზე უკეთესია და Fed-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იმაზე მეტით შეეძლება, ვიდრე ბოლო სხდომაზე.
Fed-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კი დოლარის გამყარებას იწვევს, რაც უარყოფითად აისახება ოქროს ფასებზე - ინვესტორები ამჯობინებენ კაპიტალი გამყარებულ ამერიკულ ვალუტაში დააბანდონ და არა ოქროში.
ცნობისთვის, ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას გავლენა სხვა ქვეყნების ეროვნულ ბანკებზეც აქვს და მონეტარულ პოლიტიკას ევროპის თუ ინგლისის ცენტრალური ბანკებიც ამკაცრებენ.
აშშ-ში განაკვეთების ზრდისა და შრომითი ბაზრის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ შემცირდა ნავთობის ფასებიც. წიაღისეულ საწვავზე ფასების კლება პარასკევს, 3 თებერვალს დაიწყო და მხოლოდ ერთ დღეში Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა 4.7%-ით დაიწია, ხოლო 4.9%-ით გაუფასურდა WTI-ის ნედლი ნავთობის ღირებულება.
ცნობისთვის, ბოლო სხდომაზე აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და როგორც მოსალოდნელია, საპროცენტო განაკვეთები მომდევნო სხდომაზეც გაიზრდება. წინა წელს Fed-ს აგრესიული მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა არჩეული, განაკვეთების ზრდის ტემპის 0.25 პროცენტულ პუნქტამდე ჩამოწევა კი პოლიტიკის შედარებით შერბილებას გულისხმობს. ეს კი ინფლაციის მიერ პიკის გადალახვით და ეკონომიკის შენელებითაა განპირობებული. ბოლო გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5-4.75 პროცენტის შუალედში იქნება, რაც 2007 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.