ეკონომიკა
საქართველოში ფქვილის იმპორტი განახევრდა
2023 წლის ივნისში საქართველოში ფქვილის იმპორტი ფაქტობრივად განახევრდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, გასულ თვეში საქართველოში 3 517 060 აშშ დოლარის ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6 546 590 აშშ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ იმპორტის ძირითადი წილი - 94.7%-ი რუსეთზე მოდიოდა, საიდანაც ივნისში ქვეყანაში 3 330 660 აშშ დოლარის ღირებულების ფქვილი შემოვიდა. შედარებისთვის, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან ფქვილის იმპორტმა 6 392 070 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, ფქვილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან ასევე:
- თურქეთი - 86 260 აშშ დოლარი;
- იტალია - 42 940 აშშ დოლარი;
- საფრანგეთი - 19 540 აშშ დოლარი;
- ავსტრია - 18 430 აშშ დოლარი;
- ლიეტუვა (ლიტვა) – 10 690 აშშ დოლარი;
- უკრაინა - 8 020 აშშ დოლარი;
- ბელარუსი - 450 აშშ დოლარი;
- პოლონეთი - 70 აშშ დოლარი.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისიდან ქვეყანაში ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი დაწესდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობისგან ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები დიდი ხანია ითხოვდნენ. მიზეზად კი, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადია, რაც მათივე თქმით, კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნიდა.
Տարածեք :