"ევროპიდან ტურისტების რაოდენობა შემცირებულია" - მეღვინე გიორგი ნათენაძე
"ნათენაძის ღვინის რესტორნის" და "ნათენაძის ღვინის მარნის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ საქართველოში ე.წ. "რუსული კანონის" მიღება ევროპიდან ტურისტების რაოდენობაზე აისახა. მისივე თქმით, ამ მხრივ მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.
"სეზონი ახალი დაწყებულია და გასული წლების ამ პერიოდს თუ შევადარებთ, ევროპიდან ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. ჩვენ ვაკვირდებით, ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორების შემოდინებას, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში მიმდნარე მოვლენები კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს და უარყოფითად აისახება", - ამბობს გიორგი ნათენაძე.
სარესტორნო ბიზნესთან ერთად, გიორგი ნათენაძე მესხურ ღვინოს აწარმოებს და ევროპის შვიდ ქვეყანაში - გერმანიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, ფინეთში, ლატვიასა და ნორვეგიაში უკვე 10 წელია ყიდის. სამომავლოდ საექსპორტო ქვეყნების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. გიორგი ნათენაძე იმედოვნებს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, მიმდინარე მოვლენები და ე.წ "რუსული კანონის" მიღება მისი პროდუქციის რეალიზაციაზე უარყოფითად არ აისახება.
"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მცირე რაოდენობითაა, მთავარი ნიშა გვაქვს, რომ ხარისხიან ღვინოს ვაწარმოებთ, ამიტომ სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს. ამ ეტაპზე, ეს მოვლენები გაყიდვებზე არ ასახულა, თუმცა საფრთხეები არსებობს", - ამბობს გიორგი ნათენაძე.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს ე.წ "რუსული კანონი" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კანონის მიხედვით, მედიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
ე.წ "რუსული კანონის" მიღების გამო აშშ-მა, მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა. საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ევროკომისიის დოკუმენტიც, რომლის მიხედვით, თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურ სანქციებს დააწესებს, შეწყვეტს ფინანსურ დახმარებებს და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს. იგივე ტექსტი გააჟღერა 24 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმაც. საქართველოს შესახებ დებატები ჩაინიშნა 27 ივნისს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზეც.