რატომ ძვირდება ოქრო
საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ბოლო წლებია ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. ოქრო განსაკუთრებით მიმდინარე წელს გაძვირდა. ამ დროისთვის მსოფლიო ბირჟებზე ძვირფასი ლითონის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და უნციაზე მისმა ფასმა 2 466 დოლარი შეადგინა.
ფასები იზრდება საქართველოშიც, კერძოდ, თუ დაახლოებით ერთი თვის წინ ე.წ. „ოქროს ბირჟაზე“ მაგალითად, 1 გრამი ე.წ ბაჯაღლო 958 სინჯით - მაქსიმუმ 220 ლარი ღირდა, ამ დრიოისთვის ფასები 220-დან 250 ლარამდე მერყეობს, 1 გრამი ოქრო 750 სინჯით 220 ლარი ღირს, მაშინ, როცა ივნისში 200 ლარი იყო, ხოლო 1 გრამი ე.წ. იტალიური ოქროს, 585 სინჯით, ფასი 180 ლარიდან იწყება, ნაცვლად 160 ლარისა.
საქსტატის მონაცემებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი ივნისში წლიურად 20.92%-ით, ხოლო თვიურად 2.74%-ით გაძვირდა.