ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა - რა გავყიდეთ ყველაზე დიდი რაოდენობით
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 4.786 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 42.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.9 პროცენტით შემცირდა და 2.040 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (420.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (304.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (210.1 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 226.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 213.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 169.8 მლნ. აშშ დოლარით.