SIDA საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო Sida საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას დროებით აჩერებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
„როგორც უკვე იცით, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დაავალოს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო Sida-ს, დროებით შეაჩეროს შვედურ-ქართული პირდაპირი უწყებათაშორისი განვითარების თანამშრომლობა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. Sida-ს უკვე ეცნობა მთავრობის გადაწყვეტილება და ახლა პროცედურებს მიჰყვება მთავრობის ოფიციალური ინსტრუქციების შესასრულებლად.
შვედეთი მზადაა განაახლოს და გააფართოოს საქართველოსადმი მხარდაჭერის სრული სპექტრი, როგორც კი ქვეყანა დაუბრუნდება გზას ევროკავშირისკენ“, – განუცხადეს ნეტგაზეთს საელჩოში.
საელჩოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მიიღეს.
როგორც საელჩოში ნეტგაზეთს უთხრეს, შვედეთის მხარდაჭერამ საქართველოსთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში 250 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა, მხოლოდ 2024 წლისთვის 16 მილიონ ევროზე მეტი იყო.
ეს შვედეთს აქცევდა საქართველოსთვის სიდიდით მესამე ორმხრივ დონორად.
შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას განცხადებით, საქართველოს განვითარება რახანია, საკმაოდ შემაშფოთებელია.
„[არჩევნებზე] საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამ აზრს. მცდელობები, შეუშალონ ხელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი როლი – მათ შორის, შემზღუდავი კანონმდებლობის საშუალებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
შესაბამისად, მთავრობა აპაუზებს პირდაპირ შვედურ-ქართულ თანამშრომლობას, რომელიც კვლავ მიმდინარეობს, მათ შორის – საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, – ამბობს მინისტრი.
უფრო ადრე, ჯერ კიდევ სექტემბერში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიანა იანსე ამბობდა, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შვედეთი ფოკუსირებას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
წყარო: netgazeti.ge