რამდენი ლარით გაიზრდება პენსია - ბიუჯეტის პროექტში კიდევ ცვლილებებია
2025 წლიდან პენსია იზრდება. ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე, საბოლოო წარდგინებაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 990 მლნ ლარზე მეტით (ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 120 მლნ ლარით), რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 420 ლარის ოდენობით.
„გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით. ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6.35 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.96 მილიარდ ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240 მლნ ლარი,“ - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, ასევე იყო გათვალისწინებული პენსიის ზრდა 2025 წლის იანვრიდან, თუმცა შედარებით მცირე ოდენობით. მაგალითისთვის, ბოუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაში 70 წლამდე ასაკობობრივი კატეგორიისთვის პენსიის 20 ლარით, 335 ლარამდე გაზრდა იყო ჩადებული. ამასთან, ბიუჯეტის პროექტში გაწერილი იყო, რომ 1-ლი იანვრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 400 ლარს მიიღებდნენ.
რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდებოდა 35 ლარით 450 ლარამდე; ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს უტოლდებოდა.