არმატურა 26%-ით გაძვირდება
საქართველოში იმპორტირებული არმატურა 26%-ით გაძვირდება. ამის მიზეზი მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 25 იანვრიდან იმპორტირებული ერთი ტონა არმატურა 420 ლარით (დღევანდელი კურსით 148 დოლარი) დაიბეგრება. გადაწყვეტილება ძალაში 7 თვის განმავლობაში, 1-ელ სექტემბრამდე იქნება.
2024 წელს არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე საშუალოდ 570 დოლარს შეადგენდა. დაბეგვრის ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ კი, მისი ღირებულება ტონაზე 718 დოლარამდე გაიზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში არმატურის იმპორტი ყოველწლიურად იზრდება. მეტიც, 2024 წლის 11 თვეში (საქსტატს სრული წლის მონაცემები ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული), საქონლის იმპორტმა მაქსიმუმს მიაღწია. სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 351 671 ტონა (200.424 მლნ აშშ დოლარის) არმატურა შემოვიდა, საშუალო ფასმა ტონაზე კი 570 დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის, 2023 წლის იგივე პერიოდში საქონლის იმპორტმა 201 609 ტონა (119.901 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2022 წლის 11 თვეში - 148 877 ტონა (107,303 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 95 116ტონა (66,027 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც არმატურა ყველაზე დიდი რაოდენობით, შემოდის, იმპორტიორ ქვეყნებს შორის გასულ წელს ლიდერი იყო რუსეთი, რომელზეც მთლიანი იმპორტის 51.3% მოდის.