ჩანს, რომ ბაკურიანზე გათვლები არასწორად გაკეთდა“ - ია თაბაგარი
„ერთი თვალის შევლებით ჩანს, რომ ბაკურიანზე გათვლები არასწორად გაკეთდა. რა მოხდა და რატომ არის ასეთი ქაოტური მდგომარეობა? ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობიდან ხდება.“ - ამის შესახებ რადიო “პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონზე, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში, ბევრი კრიტიკა ისმოდა ბაკურიანთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი უკმაყოფილება გზაზე შექმნილმა საცობებმა გამოიწვია. დამსვენებლები წერდნენ, რომ ქუჩა დღის ნებისმიერ მონაკვეთში ავტომობილებით იყო პარალიზებული, გართულებული და საფრთხის შემცველი იყო ფეხით მოსიარულეების გადაადგილებაც.
„ის რაც ბაკურიანში ხდებოდა, სამწუხარო რეალობაა. ერთი თვალის შევლებით ჩანს, რომ ბაკურიანზე გათვლები არასწორად გაკეთდა. რა მოხდა და რატომ არის ასეთი ქაოტური მდგომარეობა? - ეს გუშინ არ დაწყებულა, არც ამ და არც წინა ხელისუფლების პირობებში, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობიდან ხდება. იმ პერიოდიდან, როდესაც მიწის დატაცებას და განაშენიანებას ვერცერთი კანონი ვერ უზრუნველყოფდა. ვისაც როგორც უნდოდა ისე იტაცებდა მიწებს, ზოგი ფულს იხდიდა, ზოგი არ იხდიდა, ზოგ მიწას ხუთი პატრონიც კი ჰყავდა, რასაც უამრავი კონფლიქტი მოსდევდა. მსგავსი სიტუაცია მხოლოდ ბაკურიანში არ იყო, გუდაურშიც იგივე ხდებოდა. დაახლოებით 20 წელი დასჭირდა საკუთრების საკითხის მოგვარებას და მოწესრიგებას.
კიდევ ერთი საკითხი, რატომაც მოხდა ინტენსიური განაშენიანება, არის ის, რომ ბინები მარტივად იყიდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი იყო ხალხი გრძნობდა, რომ დადგებოდა მომენტი როცა ბაკურიანი ტურისტულ ზონად იქცეოდა. სამშენებლო კომპანიებმა გამოისყიდეს მიწები. მართალია, ზოგი კორპუსი ტყესთან ახლოს არის აშენებული, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა ის ადგილი „ბეტონის ჯუნგლებადაც“ იქცეს. კიდევ ერთ მიზეზად შეგვიძლია საზოგადოების დამოკიდებულება ჩავთვალოთ, რომ ბაკურიანში ბინის ქონა პრესტიჟულ საკითხად იქცა.
რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადდა პროექტი, რომელიც ბაკურიანის სივრცით დაგეგმარებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს პროექტი სუსტი აღმოჩნდა და მისი განხორციელება ვერ შედგა. მეც ვიყავი ჩართული, თუმცა, გამოვედი ამ პროექტიდან. ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად დავდიოდით ბაკურიანში და განვიხილავდით მისი ლანდშაფტის გეოგრაფიას, თუ სად შეიძლებოდა ტურისტული განაშენიანების მოწყობა, რომ ბაკურიანი ნამდვილი ზამთრის კურორტი გამხდარიყო, თუმცა ამ დროს უკვე ბაკურიანში თავისუფალი მიწა აღარ არსებობდა, ყველაფერი გაყიდული იყო, ასეთ დროს კი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ნება ან ძალიან ძლიერი ფინანსური რესურსი, რომ ეს ყველაფერი გამოისყიდოს და მოახდინოს მისი გამოყენება,“ - განაცხადა ია თაბაგარმა.