გასულ წელს იმპორტირებული საწვავის 54% რუსული იყო
2024 წელს, ქვეყანაში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ 2 781 481 558 ლარის ღირებულების 1 668 280 000 ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.2%-ით აღემატება. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ანგარიშშია საუბარი.
საქმე ეხება 2024 წელს, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად, შუალედურ ანგარიშს.
სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 54%, რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი - 16.7% და რუმინეთი - 14.7%.
ამასთან, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო განმარტავს, რომ 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.
რაც შეეხება ბაზრის საცალო დონეს - 2024 წელს, 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვნებელი 1190 ერთეულს შეადგენდა, რაც სააგენტოს შეფასებით, დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
ანგარიშის მიხედვით, 5 მსხვილი კომპანიის წილი შეადგენდა 67.1%-ს (500 ავტოგასამართი სადგური). როგორც მოქმედი ავტოგასამართი სადგურების, ასევე HHI ინდექსის და მსხვილი კომპანიების საბაზრო წილების შემთხვევაში, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს - ბენზინისა და დიზელის შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე არსებითი ცვლილებები არ ფიქსირდება.