14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ გამოაცხადა.
ბრალდების მხარე პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
როგორც პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი ჰქონდა, რომ მათ ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო.
„დასრულდა 14 წლის ბავშვის საქმეზე დედისა და ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სხდომა. ბრალდების მხარეს ჰქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო. ამ ფაქტის შესახებ მათ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოებები, რომ შესაძლოა მათ მოწმეებზე, განსაკუთრებით ბრალდებულის დედაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოახდინოს ზეგავლენა და მათ ახალი დანაშაული ჩაედინათ, სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ორივე ბრალდებულს, როგორც მოკლული ბავშვის დედას და დედის ძმას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,- განაცხადა პროკურორმა.
ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, მოპოვებული მტკიცებულებებით, გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის მამის სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ იკვეთება.
„იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა 14 წლის ბავშვის იძულება, მამა საქართველოში არ იმყოფებოდა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუკი გამოიკვეთება თითოეული ადამიანის მხრიდან რაიმე სახის ბრალეული ქმედება - ბავშვის გარდაცვალების თუ იძულებით ქორწილების საქმეში, ბრალდების მხარე უმკაცრეს პოლიტიკას გაატარებს ასეთი ადამიანების მხრიდან“, - განაცხადა პროკურორმა.
ინფორმაციისთვის, გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვანის ბიძისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.
ამასთან, როგორც ცნობილია, 14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.