"შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის" - ილია მეორე რუსეთ-უკრაინის ომზე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ ის მსოფლიო ტრაგედიად იქცევა.
"საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომაც გულისტკივილით ვადევნებდით თვალს უკრაინასთან მიმართებაში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. აღვნიშნავთ, რომ გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენები უკვე სერიოზული სისხლისღვრის საფრთხის შემცველია, თუმცა შესაძლებლობა ვითარების დარეგულირებისა, კიდევ არის. ეს არის შესაძლებლობა საყოველთაო მშვიდობის შენარჩუნებისაც.
შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მიმადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს.
ღმერთი მშვიდობისა იყოს ყოველთა თანა, ამინ!" - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.