რამდენი ამომრჩეველია რეგისტრირებული 26 ოქტომბრის არჩევნებზე
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. კალანდარიშვილმა ბრიფინგზე ასევე, არჩევნების დღეს, ცესკოს მუშაობის რეჟიმზე და იმ აკრძალვებზე ისაუბრა რაც პარტიების წარმომადგენლებისთვის და მედიისთვის იქნება.
„დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს ზედმიწევნით დაიცვან კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. აქვე გვინდა საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს შევახსენოთ იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომელიც რამდენიმე არჩევნების ჭრილში ყველაზე ხშირად გვხვდებოდა:
1.პარლამენტის წევრობის, საკრებულოების წევრობის კანდიდატებს არ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, ხმის მიცემისთვის საჭირო დროის გარდა; სხვა შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკრებულოს წევრებს და კანონით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს უნდა გააჩნდეთ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ხმის მიცემისთვის საჭირო დროით.
2.დაუშვებელია ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებისას, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების გადაღება, ამოწერა და მათი სხვაგვარი დამუშავება. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს;
3.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა, მარკირების შემოწმება ან კომისიის ფუნქციებში სხვაგვარი ჩარევა, რაც დაუყოვნებლივ აღიკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან;
4.ამომრჩევლის დახმარება ხმის მიცემის კაბინაში, კაბინაში ხმის მიცემის დაკვირვება ან ფოტო-ვიდეო გადაღება;
5.ფოტო-ვიდეო გადაღება დაშვებულია მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიაში ამისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.