როგორ ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები - კანონში ცვლილებებია
„ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა იმ ნორმას ცვლის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ აისახა და რომელიც “შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო.
მაშინდელი შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა კი შემცირდა. ასევე შემცირდა პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრთა არჩევის ბარიერი.
“ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია და დაჩქარებული წესით განიხილება კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 4%-იანი საარჩევნო ბარიერი ბრუნდება. 2021 წლის შეთანხმებით კი, თბილისის საკრებულოს წევრები, პროპორციული სისტემით 2.5%-იანი ბარიერით აირჩა, ხოლო რეგიონებში - 3%-იანი ბარიერით.
რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის გაზრდას, ამ მიმართულებით “ქართულმა ოცნებამ“ შემდეგი ცვლილებები წარადგინა:
თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისგან.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ორი წევრი აირჩევა.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს სამი წევრი აირჩევა.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს ოთხი წევრი აირჩევა.
თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ხუთი წევრი.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, ამჟამად დედაქალაქის 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 - მაჟორიტარი და 40 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატია. ცვლილებებით თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 25 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო წესით აირჩევა, 25 წევრი – პროპორციული წესით.
როგორც “ქართული ოცნება“ აცხადებს, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ზუსტად იმ წესით ჩატარდება, რაც წესითაც თვითმმართველობები 2017 წელს აირჩიეს.
“მმართველი გუნდი იმთავითვე ხაზს უსვამდა, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობის შემცირება ასუსტებდა კავშირს მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველსა და საკრებულოს მაჟორიტარ წევრს შორის, რასაც სამაჟორიტარო ოლქების გამსხვილება იწვევდა. ამ კავშირის შესუსტება განსაკუთრებით უარყოფითად მუნიციპალიტეტის დონეზე აისახება, სადაც საკრებულოს წევრებს კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან და სხვა საქმიანობასთან ერთად, მათი ყოველდღიურობა მოქალაქეების პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფაში დახმარებაა, თუმცა შეთანხმების მისაღწევად, მმართველი გუნდი იძულებული გახდა ამ კომპრომისზეც კი წასულიყო.
მას შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა, “შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული რიგი საკითხები უხეშად დაარღვიეს, შეთანხმებამ ძალა დაკარგა”, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.