წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით - IRI
ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.
IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.
მისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც წარმოიშვა არჩევნების შედეგად.
„წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით, რამაც დააკნინა პროცესის სანდოობა. დაკვირვებით გამოვლინდა ამომრჩეველთა იძულებისა და შედეგებზე მანიპულირების რთული ტაქტიკის მთელი სპექტრი. მათ შორის იყო მზაკვრული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებას, მათზე ზეწოლას, თვალთვალსა და ხმის ფარულობის დარღვევას ისახავდა მიზნად. ამ ყველაფერს ემატებოდა არჩევნების დღეს განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც მოიცავდა ამომრჩევლებზე თვალთვალის კოორდინირებულ მცდელობებს, იძულებას, ხმების ყიდვას, ე.წ. „კარუსელს,“ ბიულეტენის ფარულობის დარღვევას, მარკირების პროცედურაში ჩარევასა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნას. საარჩევნო დავების მოგვარების არაეფექტიანმა მექანიზმებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არჩევნების შემდეგ გრძელვადიან არასტაბილურობაში გადაიზარდა. დემოკრატიული პრინციპი, რომ საზოგადოებამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიის სტაბილურობისა და ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ ამისათვის საჭიროა ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე"- ნათქვამია განცხადებაში.