განათლება
არც პატრიარქი და არც მეუფე სპირიდონი ჩემ საქმიანობაში არ ჩაერევა - მეუფე იაკობი
ნინოწმინდის პანსიონში, 16 ივნისის მონაცემებით, 22-მა აღმზრდელმა დატოვა პანსიონი. ახლადდანიშნული დირექტორის მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით, ამ დროისათვის ბავშვთა სახლში 19-ზე მეტი აღმზრდელის საჭიროება არ დგას.
,,19 აღმზრდელი დარჩება ადგილზე. ამ დროისათვის მეტი საჭირო არ არის. პროცესი ასეთია, ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის ვაჩერებთ, ველოდებით წამსვლელს როდის გადაიყვანენ და ხოლო ვინც დარჩება, მათ რომ სრულად ჰქონდეთ მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ. ბავშვებს რაც შეეხება, მათ ძალიან დიდი ტრამვა მიიღეს. ამდენი ბავშვი იყო ერთად და უცბად ბევრი წავიდა.
უკვე განვაცხადე, რომ მცირე ტიპის სახლებს გავაკეთებთ. საკადრო გადარჩევა მოხდა შრომითი კოდექსით. ახლა დროებით მიდიან შვებულებაში. შემდეგ გადავხედავ სიტუაციას, ვინც უნდა დარჩეს დარჩება, ვინც არა არ დარჩება. ჩემ საქმიანობაში არც პატრიარქი და არც მეუფე სპირიდონი არ ჩაერევა. რაც შეეხება საქმის მასალებს, უკვე გავეცანი რაღაც-რაღაცეებს და მივიღებ გადაწყვეტილებას, მათ შორის საკადროს. საკადრო გადაწყვეტილება იქნება ორი მიმართულებით - ერთი, რომ ამდენი ბავშვი გაიყვანეს და მეორე - თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს" - განუცხადა ჟურნალისტებს პანსიონის დირექტორმა.
მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებს პანსიონის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველს ხვალ, 17 ივნისს, საპატრიარქოს უნივერსიტეტში შეხვდება, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის.
,,თქვენც თუ დატოვებთ უკვე აქაურობას, ეს ძალიან კარგი იქნება ბავშვებისთვის. სოციალური მუშაკები 24 საათი აქ არიან... რაც შეეხება ლომჯარიასთან შეხვედრას, თუ უნდა ხვალვე შევხვდები საპატრიარქოს უნივერსიტეტში, ვაჩვენებ რა მაქვს გაკეთებული, იქაც ხელმძღვანელი ვარ. რომ შევხვდები სახალხო დამცველს და განვიხილავთ საკითხებს, მერე რომ გამოვალთ, თქვას თვითონ მართალი ვარ თუ არა. რა გინდათ, (პანსიონი) დავშალოთ? თუ დასაშლელია ისედაც დაიშლება. ვადა ხომ გვაქვს 2022 წლის 1-ლ აპრილამდე, რადგან ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია წუხს, ნახავენ მერე, სწორი იყო თუ არა ჩემი დანიშვნა აქ" - განმარტა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი პედაგოგები აუცილებლად გადამზადდებიან. ნინოწმინდის პანსიონში ამ დრომდე რჩება 20 ბავშვი. პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.
სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
Տարածեք :