ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა სკოლის ეზოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მშობლები შვილების სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ და ხელისუფლებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. დაახლოებით 50-მდე მშობელი შვილებთან ერთად სკოლის ეზოსთან ტრანსპარანტებით -,,დააბრუნეთ ჩვენი შვილები სკოლაში“ შეიკრიბა. 2023 წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მეორე სკოლის 400-მდე მოსწავლე სკოლის რეაბილიტაციის მიზეზით, პირველ საჯარო სკოლაში გადანაწილდა, თუმცა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. მშობლები ეჭვობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობა და ეზო, ხელსაყრელია ბიზნესის დასაწყებად.
,,სწორედ ამიტომ, ცდილობენ რომ დახურული შენობა ნელ-ნელა განადგურდეს, მშობლებმა სხვადასხვა სკოლაში გადაიყვანონ ბავშვები, რათა შემდეგ მცირე კონტიგენტის მიზეზით სკოლა აღარ გაიხსნას და საკმაოდ დიდი ტერიტორია გაიყიდოს“ - აცხადებს მშობელი ხათუნა გორგოძე, რომლის ორი შვილიც სწავლობდა ოთხსართულიან სკოლაში.
მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში მოწესრიგდა სველი წერტილები, თავიდან დამონტაჟდა წყალგაყვანილობა და მოულოდნელად, მიმდინარე წლის დასაწყისში ,,საფრთხის შემცველი შენობიდან“ მოსწავლეების სასწრაფო გაყვანა მასში ბევრ ეჭვს იწვევს.
აქციის მონაწილეთა თქმით, სკოლის ცვლილების გამო მოსწავლეებს 30 წუთამდე შეუმცირდათ გაკვეთილები, მეორე ცვლაში გადასული ბავშვები სიბნელეში ამთავრებენ სასწვალო პროცესს, ვეღარ ასწრებენ სხვადასხვა წრეზე სიარულს და მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობის გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა სწავლების დონე.
,,სკოლა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოგვიყვანონ. მითუმეტეს, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ სკოლა ნამდვილად ავარიული და საფრთხის შემცველია. ვითხოვთ, რომ დაგვიბრუნონ სკოლა და მანამდე გამოყონ ტრანსპორტი, ბავშვები სკოლაში ვატაროთ. კი არ გაგვიყვანეს, გაგვყარეს, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, რატომ? პირველი ცვლა დაგვიბრუნონ, თუ იწყება რემონტი დროულად დაიწყონ, თუ არადა შეგვიშვან სკოლაში. 40 ბავშვი ზის კლასში, როგორც ექიმი გეუბნებით რომ არაჰიგიენურია და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. არ შეიძლება!“ - აცხადებს მშობელი ალექსი მარტინოვი. აქციის მონაწილეებს შეხვდა ახალციხის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი. ხათუნა ხმალაძის თქმით, სარემონტო სამუშაოების დაწყება სამხარაული ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანების გამო შეფერხდა.
,,ამ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ველოდებით, რომ წლის ბოლომდე მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნას და იანვარში უკვე ტენდერი დაიდება შენობის აღდგენა -რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ყველა პროცესი შემჭიდროვებულ ვადაში გაგრძელდება, ვფიქრობ რომ ძალიანი მოკლე დროში დასრულდება პროცესი, მანამდე კი გეტყვით, რომ 390 მოსწავლე გადანაწილებულია პირველ საჯარო სკოლის უსაფრთხო გარემოში“ - განაცხადა ხათუნა ხმალაძემ. მეორე სკოლის გაჭიანურებულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს:
,,სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ მშობლები შეწუხებულები არიან. მქონდა კომუნიკაცია განათლების სამინისტროსთან, სამინისტრო მზად არის ამისთვის რომ ჩასვას სარეაბილიტაციო სამუშაოებში მეორე საჯარო სკოლა, მაგრამ ელოდება სამხარაულის დასკვნას. ჩვენ დავაჩქარებთ, მე გამოვითხოვე ეს წერილი, რომელი წერილის საფუძველზეც მიმართა სკოლამ სამხარაულის ექსპერტიზას. ჩვენ ჩავერთვებით და დავაჩქარებთ ამ დასკვნის მიღებას. პირადად მქონდა კომუნიკაცია სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და შენობის გაყიდვა არ იგეგმება“ - აცხადებს ანტონ ობოლაშვილი. მშობლებმა სკოლის ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნეს და დოკუმენტები გამოითხოვეს. სწორედ, ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ შენობა ბავშვებს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე დაატოვებინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.