ახალი წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ - ახალციხეში აქცია გაიმართება
2 ივნისს, ახალციხეში "მაკულიტერატურის" აქცია გაიმართება.
ადგილობრივებს საშუალება მიეცემათ ძველი წიგნები, რვეულები და გაზეთები ახალ წიგნებში გადაცვალონ. მსურველებს მაკულატურის ჩაბარება ადგილობრივი ბაზრის წინ, 13:30-დან 17:30-მდე შეეძლებათ.
"მაკულიტერატურა" არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას მაკულატურის სანაცვლოდ გამომცემლობა "პალიტრა L" - ის ახალი წიგნები აირჩიონ.
1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ "ნერგს"მიიღებს. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი "ნერგების" რაოდენობა რომელიც 4 - დან - 100 "ნერგამდე" მერყეობს.
"პროექტის მიზანია შევინარჩუნოთ გარემო - უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას" - განმარტავენ პროექტის ორგანიზატორები.
"მაკულიტერატურა" აქციებს რეგიონებში საქართველოს მასშტაბით მართავს.