რეგიონი
რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს
რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, „გაზპრომმა“ ავსტრიას შეატყობინა, რომ გაზის მიწოდება შაბათს, 16 ნოემბერს შეჩერდება.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეჩერება ქვეყნის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან გაზის მიწოდება ავსტრიისთვის მოხდება გერმანიიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან.
ექსპერტების აზრით, გაზის მიწოდების შეჩერება გამოიწვევს ენერგეტიკულ კრიზისს ავსტრიაში, ამის პარალელურად კი ქვეყნის ეკონომიკა ისედაც რეცესიაშია ჩავარდნილი.
როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთის მიერ ავსტრიისთვის გაზის მიწოდების შეჩერება ნიშნავს, რომ ის ახლა გაზის მნიშვნელოვან მოცულობებს მხოლოდ უნგრეთსა და სლოვაკეთს მიაწვდის.
მანამდე ავსტრიულმა კომპანია OMV-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იყო გაფრთხილება რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ. კომპანიამ ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსულ „გაზპრომთან“ დავა მოიგო და საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ კომპანიას 230 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერმა დაადასტურა რომ ავსტრიულმა კომპანია OMV-მა გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ „გაზპრომიდან“ შეტყობინება მიიღო.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდა ის, რისთვისაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ვემზადებით. ჩვენ ასევე ვაჩვენებთ, რომ არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს“, – აღნიშნა კანცლერმა.
ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს სხვა წყაროების გაზის მისაღებად, ხოლო ამჟამად რეზერვების 93%-ია შევსებული, რაც ავსტრიას მთელი წელი ეყოფა.
„შემიძლია დაგპირდეთ, რომ ზამთარში არავინ გაიყინება“, – აღნიშნა ნეჰამერმა.
Տարածեք :