ახალციხეში ქალაქი ვალე და ექვსი სოფელი დაისეტყვა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ქალაქი ვალე, მეორე შახტის დასახლება, ზემო სხვილისი, ანი, ყულალისი, პატარა და დიდი პამაჯი დაისეტყვა.
ნალექმა მოსახლეობის ნათესები, ხეხილი და შენობები დააზიანა.
"ზარალი დიდია, ყველაფერი გაფუჭდა. კაკალი, ვაშლი, მსხალი, ვენახი, ალუბალი - სეტყვამ ყველაფერს ნაყოფი და ფოთლები გააცალა. კარტოფილს მხოლოდ ღეროები დაუტოვა. კომბოსტოს ნერგები სულ გააფუჭა" - ამბობს ვალელი ემზარ გოზალიშვილი.
განადგურებულ მოსავალზე ჩივიან ზემო სხვილისშიც. "სეტყვამ ყველაფერი მიწასთან გაასწორა" - ამბობენ სოფელში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, დასეტყვილ სოფლებში არსებულ მდგომარეობას უკვე სწავლობს. მოხდება თუ არა დაზარალებულების დახმარება რაიმე ფორმით - ამაზე თვითმმართველობაში ჯერ ვერ საუბრობენ.