სამართალი
სწორად უმკურნალეს თუ არა პაციენტს - გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმეზე კიდევ ერთი ექსპერტიზა დაინიშნა
სამედიცინო ექსპერტიზამ ფოკელი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი დაადგინა. სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დავით მერაბიშვილის თქმით, 19 წლის სარქის სააკიანის გარდაცვალება თრომბოემბოლიამ გამოიწვია.
„სიკვდილის მიზეზი არის ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია, მაგრამ რამდენად სწორად იყო მკურნალობა ჩატარებული, ამაზე დანიშნულია კომისიური ექსპერტიზა“ - განმარტავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი.
რა ვადაში გახდება ცნობილი კომისიური ექსპერტიზის გადაწყვეტილება, დავით მერაბიშვილი ამაზე წინასწარ ვერ საუბრობს. მისი თქმით, პროცესს, შესაძლოა, ერთი ან ორი თვე დასჭირდეს.
ექსპერტიზის პასუხი გარდაცვლილის ოჯახს წერილობით ამ დრომდე არ მიუღია. 19 წლის ჯარისკაცის მამა "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ დაურეკეს და პასუხი ასე შეატყობინეს. არტაკ სააკიანის თქმით, ექსპერტიზის პასუხი მათთვის მისაღები არ არის.
"გავიგეთ ექსპერტიზის დასკვნაზე სიტყვიერად, დაგვირეკეს, შეგვატყობინეს და ეს პასუხი ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ჩვენ სხვა პასუხს ველოდებით. ამ პასუხს გავასაჩივრებთ” - ამბობს გარდაცვლილის მამა არტაკ სააკიანი.
19 წლის სარქის სააკიანი ახალქალაქის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 11 ნოემბერს მას კუჭის წყლულის ოპერაცია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუკეთდა. კლინიკის მენეჯერის სოფო მორგოშიას თქმით, ჯარისკაცს მათთან სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა და სამედიცინო დაწესებულებაში ხუთი დღე დააყოვნეს. მისივე მტკიცებით, გაწერისას ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობდა.
სარქის სააკიანი სამედიცინო დაწესებულებიდან 16 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ სამხედრო ჰოსპიტლის გადაწყვეტილებით, პაციენტი მათთან მოთავსდა. 18 ნოემბერს კი ოჯახს ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.
გააზიარეთ :