პოლიტიკა
,,ბორჯომის" შესახებ მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან ინფორმაციის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.
„ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ პრობლემა, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ და მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე ახლა არ მინდა დეტალებზე დღეს ვისაუბრო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ამ პრობლემებზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.
კომპანიაში შექმნილ ვითარებას განცხადებით გამოეხმაურნენ ყოფილი მფლობელები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
დაწესებული სანქციების გამო, 29 აპრილიდან მინერალური წყლის - "ბორჯომის" ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 1 000-ზე მეტი თანამშრომელი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიზეზი სანქცირებული მფლობელი და დაბლოკილი ანგარიშებია. დახურვამდე, "აიდიეს ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ თანამშრომლები და პროფკავშირის წარმომადგენლები.
გააზიარეთ :