საზოგადოება
ხანძრის შედეგად ახალციხის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი დაშავდა
ახალციხეში ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბარცუმ ბაბოიანი. მცირე დამწვრობები აქვს მიღებული მის მეუღლესაც. ამ წუთებში ბაბოიანი კლინიკა "ევექსში" იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით საკრებულოს წევრი კომენტარს არ აკეთებს. ინფორმაციას არ გასცემს არც სამედიცინო დაწესებულება.
ხანძარი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაბოიანის სახლს დაახლოებით 11:20 საათზე გაუჩნდა. ცეცხლი მეორე სართულს მოედო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე რჩებიან სახანძრო სამსახურის ჯგუფები.
შეგახსენებთ, რომ ამბარცუმ ბაბოიანის ირგვლივ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. 2020 წლის ნოემბერში მისი კუთვნილი ავტომობილი დაიწვა. მსგავსი ინციდენტი მოხდა 2017 წლის 2 დეკემბერსაც, რა დროსაც ამბარცუმ ბაბოიანის ავტომობილთან აფეთქება მოხდა. შედეგად მისი ავტომობილი დაზიანდა.
გააზიარეთ :