საზოგადოება
სულდის მოსახლეობამ სატვირთოებს გზა გადაუკეტა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის მოსახლეობამ სატვირთო ავტომობილებს გზა გადაუკეტა. ისინი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოებისგან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟებას ითხოვენ. ადგილობრივები ჩივიან, რომ სოფლის გზაზე სატვირთოები მუდმივად დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან. მოსახლეობამ გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "ტრაილერი" 7 წლის გოგონას დაეჯახა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ქალს გადაუარეს და დატოვეს. რა თქმა უნდა, სატვირთო მანქანა ძალიან სწრაფად მოძრაობდა, თორემ ზრდასრულ ქალს მანქანა როგორ დაეჯახებოდა“, - ამბობს ადგილობრივი სარო აპოიანი.
პოლიციის თანამშრომლები ადგილობრივებს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟებას დაჰპირდნენ, რის შემდეგაც მოსახლეობამ სატვირთოებს გზა გაუხსნა.
შეთანხმების მიხედვით, სოფლის გზაზე 5 ბარიერი გაკეთდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ 14 ივნისამდე, სიჩქარის შემზღუდავი ყველა ბარიერი არ დამონტაჟდება, გზას ისევ გადაკეტავენ.jnews-ის ფოტო
სოფელი სულდა ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. ამ გზით სატვირთო ავტომობილები საქართველო-თურქეთის საზღვარზე ტვირთის გადაზიდვას ახდენენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სატვირთო ავტომობილი 7 წლის გოგონას დაეჯახა. დაშავებული თბილისში უნდა გადაყვანონ.
წყარო: jnews.ge
გააზიარეთ :