საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გააკეთა.
ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ისინი გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა დღეს განმარტებებიც გააკეთა, რატომაა აუცილებელი წინასაარჩევნო კამპანიიის დაწყება 4 თვით ადრე. ,,უკეთესი არჩევნების ჩატარებისთვის, პროგნოზირებადი საარჩევნო გარემო არის მნიშვნელოვანი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა არჩევნების საკითხზე პირველად განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. მაშინ მთავრობის მეთაურმა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე უარი თქვა და განკარგულება შენიშვნებითურთ ქვეყნის პირველ პირს უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა, რომ ახალი სამართლებრივი აქტი ივლისში გამოეცა, რადგან ”ქვეყნის ბიუჯეტს 6-თვიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფუფუნება არ ჰქონდა”. პრემიერის აღნიშნულ პოზიციაზე საპასუხოდ, თავის მხრივ, პრეზიდენტმა ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დააანონსა.
აღნიშნულის შემდეგ პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევდნენ.
უცვლელია საპარლამენტო არჩევნების თარიღი. ის 8 ოქტომბერს გაიმართება.
|