ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. ამის მიზეზი, ბრალდებულის მხრიდან ადვოკატის აცილების მოთხოვნა იყო. რატი დემეტრაძემ საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე მოითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ბარძიმაძე სხდომას არ ესწრებოდა, მოსამართლემ შუამდგომლობის დაყენებისაგან თავი შეიკავა და პროცესი გადადო.
რატი დემეტრაძის ბრალდებასთან დაკავშირებით, სადაც მას გამოძიება ხევაშენელი ბესო ენდელაძის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ადვოკატმა ივანე ტატალაშვილმა საკუთარი ინიციატივით, საპროცესო შეთანხმება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ადვოკატი განმარტავს, რომ დემეტრაძემ აღნიშნულისთვის ბრალი აღიარა და პირობითი მსჯავრის შეფარდება ითხოვა, უარის გამო კი იგი განაწყენდა და სხვა ადვოკატის აყვანა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება 376–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|