8 ოქტომბერს ახალციხელ ამომრჩეველს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, კიდევ ერთი არჩევანის გაკეთება მოუწევს. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში მერის შუალედური არჩევნებიც იმართება. ქალაქის პირველი პირის მანდატის მოსაპოვებლად, ხუთი კანდიდატი იბრძვის.
ერთ–ერთი პირველი, ვინც მერობის კანდიდატი დაასახელა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ირაკლი ერეკლიშვილი პოლიტიკაში, მისი გუნდის მიზნების განსახორციელებლად მოდის. კანდიდატი გამარჯვების შემდეგ, ქალაქში სხვა პროექტებთან ერთად, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემის გადაჭრას აპირებს.
სოციალური პრობლემების გადაჭრასა და ქალაქის ინფრასტურქტურის მოწყობას აპირებს ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი. ბესიკ ტაბატაძე მიჩნევს, რომ სახელმწიფო თანხა ქალაქში უფრო ეფექტურად უნდა დაიხარჯოს.
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ქალაქის მთავარი პრობლემები მოინიშნა ,,ეროვნული ფორუმის“ კანდიდატმა. ჯუმბერ ინასარიძე ამბობს, რომ მერობის შემთხვევაში, ახალციხეში სასმელი და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას დაიწყებს. უმუშევრობის პრობლემის დაძლევას კი, მერის მიერ ინვესტორების დაინტერესებით ხედავს.
ქალაქის განვითარებისთვის მთავარ რესურსად ტურიზმი მიაჩნია ,,ქართული ოცნების“ კანდიდატს. ვლადიმერ ზედგინიძემ გადაცემა ,,დიალოგში,“ ახალგაზრდების საკითხებზე, კულტურულ და სპორტულ ობიექტებზე გაამახვილა ყურადღება.
,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მერობის კანდიდატი ქალაქის მთავარ პრობლემად, არასწორ მენეჯმენტსა და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს ასახელებს. ივანე გვარამაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის პირველმა პირმა, ახალციხის ციხისა და რაბათის უბნის განვითარებასა და ტურისტულ პოტენციალზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
მერობის ხუთივე კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, მოსახლეობას არაერთი პრობლემის გადაჭრას ჰპირდება.გამარჯვებულს, მისი დაპირებების შესასრულებლად, მხოლოდ ერთი წელი ექნება. 2017 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, სადაც ახალციხელები ქალაქის ახალ მერს აირჩევენ.
ავტორები: რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე.
|