საქართველოს პრემიერ მინისტრმა და „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
რეგიონში ვიზიტი პრემიერმა ჯავახეთიდან დაიწყო, სადაც მხარდამჭერებს მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო და ნინოწმინდა ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი ენზელ მკოიანი წარუდგინა. აღნიშნულს მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივებმა პრემიერს განუცხადეს, რომ მკოიანს მხარს არ დაუჭერენ, რადგან მას ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია.
აქტივისტები შეხვედრიდან დაცვამ გაიყვანა, თუმცა მათ პროტესტის გამოხატვა გამგეობის შენობასთან გააგრძელეს. საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად აქციაზე 100–მდე ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი სამველ პეტროსიანი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ენზელ მკოიანის წარდგენით მოსახლეობა უკმაყოფილოა.
ჯავახეთის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასპინძა – ბორჯომში გედევან ფოფხაძე წარუდგინა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბორჯომელებს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. მისი თქმით, მთავრობას, ბორჯომის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ტურისტულ მიმართულებად გადაქცევის კონკრეტული გეგმები აქვს.
პრემიერი მხარდამჭერებს შეხვდა ადიგენშიც, სადაც ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე წარუდგინა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ კანდიდატები ახალციხეში 7 აგვისტოს დაასახელა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონს საქართველოს პარლამენტში გიორგი კოპაძე, გედევან ფოფხაძე და ენზელ მკოიანი წარადგენენ.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ლევან ყურაშვილი
|