"იყიდება" - აგურ-აგურ ნაშენები ბიზნესი და ფიქრი ემიგრაციაზე
10:33 / 17.02.2021
ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ უბანში სამი საოჯახო სასტუმრო იყიდება. მეპატრონეები ამბობენ, რომ ბიზნესი, რომელიც წლების განმავლობაში, არაერთი სირთულის გადალახვით ააწყვეს, კორონავირუსის გამო, საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ, გაანადგურა.
საოჯახო სასტუმრო "ძველი რაბათი“ ახალციხის ისტორიულ უბანში მდებარეობს. ობიექტი უცხოელი ტურისტების მასპინძელი მას შემდეგ გახდა, რაც ქალაქის სავიზიტო ბარათის, ახალციხის ციხის რეკონსტრუქცია დასრულდა. ტურისტებით სავსე სასტუმროში 2020 წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. საზღვრების ჩაკეტვამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა ობიექტი გაკოტრებამდე მიიყვანა. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მფლობელმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან ოჯახის ბიუჯეტი ხარჯს ვეღარ წვდება.
„სასტუმროში 25 ტურისტს ერთად ვიღებდი, ადგილი აღარ მქონდა. პანდემიის დასაწყისში ორი ჩინელი მყავდა, საქართველოში ჩარჩნენ. ისინი გავუშვი და მანდ დავასრულე სასტუმროს მუშაობა. ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ, ახლა რომ მითხრან იმუშავეო, ობიექტს ვერ გავხსნი. რაც კი დანაზოგი გვქონდა, ბოლო თეთრამდე დავხარჯეთ. ვინმე რომც ჩამოვიდეს საქართველოში, სასტუმროებს აღარ აქვთ საშუალება ტურისტი მიიღონ. საკვების ფულიც კი აღარ არის, კომუნალურებს იმდენს ვიხდით, როგორც პანდემიამდე ვიხდიდით. გასარკვევად რომ მივდივარ და დახმარებას ვითხოვ, პასუხს არც კი მცემენ. უნდა გავყიდო სასტუმრო, სხვა გზა არ მაქვს, “, - ამბობს სასტუმროს მეპატრონე ხათუნა ვოსკანიანი.
რაბათის ძველ უბანში იყიდება საოჯახო სასტუმრო “კესანეც”. მეპატრონე ხარჯებს ვეღარ ისტუმრებს. ციალა შავაძე იძულებული გახდა უკიდურესი გადაწყვეტილება მიეღო და სასტუმრო, რომლის კეთილმოწყობაშიც ყველაფერი ჩადო, გასაყიდად გაეტანა.
“კესანე”2017 წლიდან მუშაობს. ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილმდებარეობისა და კომფორტული პირობების გამო, სასტუმრო ყოველ სეზონზე სრულად იტვირთებოდა. 2020 წლის დასაწყისში კორეელ წყვილს უმასპინძალა და შემდეგ დაიკეტა. მეპატრონე კრედიტს ვეღარ იხდის. ციალა შავაძე საკუთარი ხელით მოწყობილი სასტუმროს გაყიდვის შემდეგ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლას აპირებს.
„არანაირი სახის დახმარება არ მიგვიღია. არც კი მოვუკითხივართ მთავრობას. ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ერთი თვე რომ გაგვახსნევინეს ზაფხულში და ისევ დაგვკეტეს, ესეც რამხელა ხარჯებთან იყო დაკავშირებული იცით? მე ვეღარ ვამუშავებ სასტუმროს. ოდნავ მაინც რომ წამოვდგე ფეხზე, მინიმუმ 3-4 წელი დამჭირდება. ერთი წელია უკვე ვაკუუმში ვარ. ვფიქრობ, რომ პანდემია ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ ძალიან კარგად გამოიყენა. ოცნებების დამსხვრევაში დაგვეხმარა ყველას”.
სვეტლანა დიაკონაშვილიც ერთ-ერთია მათ შორის, ვისი ბიზნესიც კორონავირუსის პანდემიამ გაკოტრებამდე მიიყვანა. ქალაქის მთავარ ტურისტულ უბანში მდებარე სასტუმრო, უკვე ერთი წელია, რეგულაციების გამო დაკეტილია. ბიზნესის დასაწყებად აღებული სესხი ერთხელ უკვე გადაავადა. მეპატრონის გათვლებით, გაკოტრებული ბიზნესის ისევ ამუშავებას, პარალელურად კი საბანკო ვალდებულებების გასტუმრებას ვეღარ შეძლებს. ამიტომ გადაწყვიტა სასტუმრო გაყიდოს და აღებული თანხით სესხი დაფაროს.
„სასტუმროს ვყიდით. სესხს ვერ გადავიხდით. კრედიტის გადავადების პროცენტი იმდენია, მაგას ვერ გავწვდებით. თან დაკეტილები ვართ, როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა კრედიტი, თუ არ მუშაობს? ამიტომ გადავწყვიტეთ სასტუმროს გაყიდვა“.
იმისთვის, რომ ხარჯები დაფაროს, სასტუმროს არა, მაგრამ სოფელში სახლს ჰყიდის საოჯახო სასტუმრო “ედემის” მფლობელი. მარინე ნარიაშვილი ფიქრობს, რომ თუ გაზაფხულზე ტურიზმის სექტორი არ ამუშავდა და სასტუმროებმა ვიზიტორების მიღება არ დაიწყეს, ახალციხეში ბევრი ობიექტი გაკოტრებას ვერ გადაურჩება.
„პანდემიამ ხელი შეგვიშალა კი არა, გაგვანადგურა. ჩვენ ამ სასტუმროს იმედად გვქონდა კრედიტები გამოტანილი, კორონავირუსსაც მოვერგეთ, ყველაფერი შევიძინეთ, რაც საჭირო იყო, თუმცა ვერ გამოვიყენეთ, ესეც ცალკე დახარჯული თანხა იყო. ტურისტი არ ყოფილა ამდენი ხანი. როგორი მდგომარობა გვექნება? გავკოტრდით”, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი მარინე ნარიაშვილი.
მასპინძელი ბიზნესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ ანალოგიურ მდგომარეობაშია, ამაზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარეც საუბრობს. გიორგი კეპულაძე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს დახმარებების გარეშე, ამ ბიზნესის წარმომადგენლები ფეხზე დადგომას ვეღარ მოახერხებენ. მისი აზრით, სასტუმროის გაყიდვის გადაწყვეტილებას კიდევ ბევრი მფლობელი მიიღებს.
„პრობლემა მხოლოდ ახალციხეს არ ეხება, თბილისშიც მძიმე მდგომარეობაა, რადგან ძალიან ბევრი სასტუმრო დამოკიდებული იყო მხოლოდ ტურისტებზე. ამიტომ მოსალოდნელი შედეგია, ამ მძიმე პერიოდში, სასტუმროების გაყიდვა. სამწუხაროდ, სამი მილიარდი დოლარი აღარ შემოვიდა ქვეყანაში და დღესაც არ უჩანს პირი, როდის გაიხსნება ტურისტული სეზონი რეალურად. ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტურისტები მოგვაწყდებიან. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა მთავრობამ გააკეთა მხოლოდ სესხების სუბსიდირება და გადასახადების გაჩერება, რაც მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ეს ზღვაში წვეთია სექტორისთვის. აღარ არის იმაზე საუბარი, თუ რამდენი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ეს პროცესები კიდევ გაგრძელდება თუ სახელმწიფო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც დაეხმარება ამ ხალხს“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.
გასაყიდად გამოტანილი სასტუმროების ფონზე, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარება მასპინძელი ბიზნესისთვის - ამ კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ. უწყების პრესსამსახურმა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმომამდგენელთან გადაგვამისამართა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი გვითხრეს, რომ მცირე და საოჯახო სასტუმროების დასახმარებლად, სახელმწიფომ სესხის თანადაფინანსების პროგრამა აამოქმედა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებს 12 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფინანსეს. ასეთი საქართველოში 1 556 სასტუმროა, მათგან 15 ახალციხეში. “აწარმოე საქართველოს” ოფიციალური ინფორმაციით, 3 265 სესხის სუბსიდიაზე დაახლოებით, 47 მლნ. ლარი დაიხარჯა.
კითხვაზე, რამდენად ეფექტური გამოდგა პროგრამა, “აწარმოე საქართველოს“ პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ეს საკითხი სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით,სახელმწიფო მცირე სასტუმროებს სესხის ექვსი თვის საპროცენტო ხარჯის 80%-ს უფარავს.
ერთ-ერთი, ვინც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათით ისარგებლა არტურ დილბარიანია. სასტუმრო “არტის” მეპატრონეს ხუთნომრიანი ობიექტი არც ზაფხულში გაუხსნია, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მეწარმე იძულებული გახდა, “აწარმოე საქართველოს” შეთავაზებას დათანხმებოდა. მას ბანკში ორი კრედიტი აქვს აღებული, თუმცა მხოლოდ მცირე სესხის სუბსიდირების განაცხადი დაუკმაყოფილეს.
“პატარა კრედიტი, სადაც 3 600 ლარი მაქვს გამოტანილი, თანხმობა მომივიდა. თუმცა მეორე - 180 000 ლარიან სესხზე პასუხს დღემდე ველოდები. ეს ძალიან კარგი შანსია, რადგან კრედიტის გადავადების დროს პროცენტები ძალიან მაღალია, დიდ კრედიტზე 22 000 ლარი ზედმეტი მომიწია, ამის გადამხდელი მე არ ვარ, ბევრი ველოდებით ამ შეღავათებს”, - ამბობს არტურ დილბარიანი.
სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული შეღავათით ვერ ისარგებლა ციალა შავაძემ. სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოდან“ უარი არაერთხელ მიიღო და ხელახლა ცდის აზრი ვეღარ დაინახა.
სესხის პროცენტის თანადაფინანსებაზე უარი მიიღო ხათუნა ვოსკანიანმა. სახელმწიფოს შეთავაზებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა სვეტლანა დიაკონაშვილს. პროგრამის შესახებ „მეცხრე არხისგან“ შეიტყო მარინე ნარიაშვილმა.
„ბანკში ჩემს კრედიტ ოფიცერს ვკითხე, ჩვენნაირი ხალხისთვის სახელმწიფოს რამე შეღავათი თუ აქვს-მეთქი. მითხრა, ვისაც 200 000 ლარი და მეტი სესხი აქვს, მხოლოდ იმათ ეხმარებაო, მე 65 000 ლარი მქონდა და ამიტომ აღარ დავინტერესდი. შემეძლო მესარგებლა და შანსი გავუშვი? ახლა ძალიან ავნერვიულდი, ხომ შეიძლება ჩვენამდე მოიტაონ ეგ ინფორმაცია?
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში სასტუმროებმა ვიზიტორების მიღება 2020 წლის გაზაფხულიდან შეაჩერეს. 8 ივნისიდან მუშაობა სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით განაახლეს, თუმცა ჩაკეტილი საზღვრების გამო, ვიზიტორების მხოლოდ მესამედს უმასპინძლეს. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მთავრობამ გასული წლის 28 ნოემბრიდან, ისევ შეზღუდვები აამოქმედა. მესამე თვეა ქვეყანაში კოვიდსასტუმროების გარდა, სასტუმროების უმრავლესობა დაკეტილია. შედეგად გაკოტრებამდეა მისული მასპინძელი ბიზნესი. ობიექტების მეპატრონეები, მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს, ერთ დროს ვიზიტორებით დატვირთული სასტუმროების გაყიდვაში ხედავენ. მთავრობის მიერ დაწესებულმა სხვა შეღავათებმაც, როგორიცაა ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებისთვის ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების 2020 წლის ნოემბრამდე გადავადება, ასევე, სესხის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა, შედეგი ვერ გამოიღო.
ხათუნა ვოსკანიანმა “ძველი რაბათის”გაყიდვის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის პირად გვერდსა და ფეისბუკ ჯგუფებში განათავსა. ამბობს, რომ ობიექტით უკვე სამი პირი დაინტერესდა. სამივე სასტუმროს ყოფილი სტუმარი, უცხოელი ტურისტია. იმ შემთხვევაში, თუ მათთან მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდება, მეპატრონე იძულებული იქნება სასტუმრო გახსნას, თუმცა ამ შემთხვევაში ზარალზე მუშაობა მოუწევს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს რეგიონს საშუალოდ, 498 000 ვიზიტორი სტუმრობდა. საქსტატს ასევე დათვლილი აქვს 2020 წლის პირველი კვარტალი, როცა ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას ჯერ კიდევ ახერხებდა. სამ თვეში, რეგიონმა საშუალოდ, 57 300 სტუმარს უმასპინძლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.