ეკონომიკა
თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის პოზიციაზე დაბრუნდა
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი გახდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
ცნობისთვის, თურქეთი წლების განმავლობაში ტრადიციულად საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, თუმცა ბოლო თვეებში ამ პოზიციაზე ის რუსეთმა ჩაანაცვლა, მათ შორის 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებითაც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა სწორედ ჩრდილოელი მეზობელი იყო. თუმცა, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში ამ პოზიციაზე როგორც უკვე ვთქვით, თურქეთი დაწინაურდა.
„საქსტატის“ იანვარ-მარტის მონაცემებით, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი იმპორტიორიც იყო. წლიურად იმპორტის მაჩვენებელი 22.1%-ით გაიზარდა და 568 694 200 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოდან თურქეთში 105 011 500 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა და მაჩვენებელი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ტოპ-ხუთეულს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა და შემოვიდა თურქეთიდან საქართველოში.
ტოპ-5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს თურქეთში:
- მსუბუქი ავტომობილები – 26 931 400 აშშ დოლარი (765 ერთეული);
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 24 998 000 აშშ დოლარი;
- შავი ლითონების მეტალო კონსტრუქციები და მათი ნაწილები - 17 372 200 აშშ დოლარი;
- ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 10 688 100 აშშ დოლარი;
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 10 437 000 აშშ დოლარი.
ტოპ-5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის თურქეთში:
- ტრიკოტაჟის ნაწარმი - 18 429 600 აშშ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 17 078 700 აშშ დოლარი;
- კოსტიუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 8 198 500 აშშ დოლარი;
- ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 6 058 200 აშშ დოლარი;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 4 671 500 აშშ დოლარი.
გააზიარეთ :