მსოფლიოში ნავთობი ძვირდება - როგორ იცვლება საწვავის ფასები საქართველოში
მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება და მიმდინარე წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. კერძოდ, 11 სექტემბერს Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 90.2 აშშ დოლარს აღწევს ბარელზე, 1 ბარელი WTI-ის ნედლი ნავთობი კი 86.9 აშშ დოლარი ღირს.
აღსანიშნია, რომ რამდნიმე თვის წინ, ივნისში Brent-ის ღირებულება წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, 71 დოლარის ფარგლებში იყო, მაგრამ გაძვირება მიწოდებასთან დაკავშირებულმა რისკებმა განაპირობა. 12 ივნისის შემდეგ მისმა ფასმა 25.6%-ით მოიმატა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი თითქმის 10%-ით.
როგორია მდგომარეობა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით?
კვლევები ადასტურებს, რომ ნავთობის გაძვირებას გავლენა საწვავის ფასზე აქვს, მაგრამ შედარებით ასიმეტრიული - საწვავის ფასი უფრო მკვეთრად რეაგირებს ნედლი ნავთობის გაძვირებაზე, ვიდრე მის კლებაზე.
ამასთან, როგორც ქართული ნავთობიმპორტიორების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ნავთობის გაიაფება კლება მაშინვე ვერ აისახება შიდა ფასებზე, რადგან მარაგები სხვა ფასებშია შევსებული.
რადგანაც ქართველები ყველაზე მეტად ევრო რეგულარს მოიხმარენ, გადავავლოთ თვალი როგორ შეიცვალა ამ ტიპის ბენზინის ფასი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე საქართველოში წლის დასაწყისიდან დღემდე.
პირველი კომპანია "გალფია", რომლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ წელს ევრო რეგულარი იანვრიდან სექტემბრამდე, დაახლოებით, 10 თეთრითაა გაძვირებული და 2.79 ლარი ღირს 1 ლიტრი.
თუმცა აქ ერთი დეტალი იმალება, იანვარი-მარტის შუალედში ღირებულება 2.25 ლარამდე იყო ჩამოსული და თუ ამ ნიშნულთან შევადარებთ ახლანდელ ფასს, ზრდა 64 თეთრი გამოვა.
რაც შეეხება "ვისოლს," წლის დასაწყისში ევრო რეგულარის ღირებულება 2.89 ლარს შეადგენდა, იანვარი-მაისის შუალედში 2.35-მდე ჩამოვიდა, ახლა კი ფასი 2.82 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი 7 თეთრით გაიაფდა, მაგრამ მაისის შემდეგ ზრდა 47 თეთრს შეადგენს.
2.90 ლარი ღირდა წლის დასაწყისში ევრო რეგულარი "სოკარშიც", იანვარი-ივნისში 2.35 ლარამდე ჩამოვიდა, დღეს კი ფასი აქაც 2.82 ლარია.
შეჯამებისთვის, მოცემულ სამ კომპანიაზე დაყრდნობით, წლის დასაწყისიდან დღემდე საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ან შემცირებულიც კია, თუმცა მაისი-ივნისის პერიოდის შემდეგ ზრდა არც ისე მცირეა.
აღსანიშნია, რომ საწვავის ფასებმა პიკს 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ვითარების გამო მიაღწია, თუმცა მას შემდეგ შედარებით დასტაბილურდა.
ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაზრდილია 0.02-1.61 ევროთი/ლიტრზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა - 0.03-1.56 ევროთი/ლიტრზე.
"ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი, დაახლოებით, 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
31 აგვისტოს მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2.26 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.39 ევროს, დიზელის საწვავი - 2.00 ევროს.
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0.49 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0.53 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 0.63 ევრო, დიზელის საწვავი - 0.59 ევრო," - წერია კავშირის განცხადებაში.
სამეზობლოში კი ფასები ასეთია:
სომხეთი: A-92 - 1.175 ევროს, A-95 - 1.25 ევრო, A-98 - 1.80 ევრო, დიზელის საწვავი - 1.22 ევრო.
აზერბაიჯანი: A-92 - 0.54 ევრო, A-95 - 1.09 ევროს, A-98 - 1.25 ევროს, დიზელის საწვავი - 0.44 ევრო.
თურქეთი: A-95 - 1.31 ევრო, A-98 - 1.33 ევრო, დიზელის საწვავი - 1.32 ევრო.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციითვე, საქართველოში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე A-92 მარკის ბენზინი - 0.95 ევროს, A-95 მარკის ბენზინი - 1.04 ევრო, A-98 მარკის ბენზინი - 1.30 ევროს, ხოლო დიზელის საწვავი - 1.07 ევრო ღირს.