ეკონომიკა
"ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ შეზღუდვებს უწესებს" - კახა გოგოლაშვილი
,,თუ ხელისუფლება იმავე გზას მიჰყვება და გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ევროკავშირის კარი დაიკეტება და ქართველი ხალხი იწვნევს შედეგებს და დაზარალდება" - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, საუბარია როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან ზომებზე, რომელთა შორისაა ევროკავშირის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში დახმარების შეჩერება, ასევე ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიემართება.
ბორელის ამ განცხადებას საქართველოში გამოეხმაურნენ. რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ვარაუდობს, რომ თუ აქამდე, საქართველოს მთავრობა, ყოველწლიურად ევროკავშირისგან 180 მილიონ ევროს იღებდა დაფინანსების სახით, ახლა დიდი ალბათობაა, რომ თანხა განახევრდეს, რაც საქართველოში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ხელს შეუშლის და ეკონომიკური პრობლემებიც მოჰყვება. მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხებზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტის მიერ, ე.წ "რუსული კანონის" მიღებას მოჰყვა.
"ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება შეუმცირდება, რაზეც 27 ქვეყნის თანხმობა საჭირო არ იყო. ზუსტად რა რაოდენობით და მიმართულებებით შემცირდება დაფინანსება, ამას ევროკომისია მოამზადებს და გამოაქვეყნებს, მაგრამ ვფიქრობ, შემცირება 50 პროცენტით იქნება და ამას იგრძნობს ხალხი.
ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში მსხვილი პროექტები - სკოლების, ხიდების, გზებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშემებლობა ხდებოდა, ახლა ამ თანხის განახევრება, პირდაპირ აისახება უმუშევრობასა და თითოეული მოსახლის შემოსავალზე", - ამბობს გოგოლაშვილი.
მისივე თქმით, ევროკომისიას და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების სამსახურში უკვე შემუშავებულია ინსტრუქცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს და კონტაქტი გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ ექნება, შესაბამისად, ევროკავშირიდან ვიზიტებიც შეჩერდება საქართველოში და არც იქ მიიღებენ ჩვენს დელეგაციას.
რონდელის ფონდის მკვლევარი სხვა დანაკარგზეც საუბრობს. მაშინ როცა, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ოფიცილაური მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, საქართველო პროცესს მიღმა აღმოჩნდა. ლუქსენბურგში მთავრობათშორისი კონფერენცია მიმდინარეობს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აღნიშნულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დღის წესრიგი.
მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების მაგიდას ვერ მიუჯდა საქართველო, რომელსაც ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს. საგარეო ურთიერთობების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში ისეთი კანონების მიღებაა, რაც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ იმ რეფორმების სწრაფად გატარების ნაცვლად, რომელზეც ევროკომისია მიუთითებდა, საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ "რუსული კანონის" მიღებით, ქვეყანა უკან დახია.
,,ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა გაგვეტარებინა ის რეფორმები რაც ცხრა ნაბიჯში იყო აღწერილი და ეს ევროკომისიამ თავის ანგარიშში უკვე წარმადგინა, მაგრამ ამის ნაცვლად, დამატებით, ერთი დიდი ნაბიიჯი უკან გადავდგით რუსული კანონის მიღებით. თუმცა ევროპულ ღირებულებებს მხოლოდ ეს არ ეწინააღმდეგება, მანამდეც არაერთი შემთხვევა იყო. გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, ძალის გადამეტება, სასამართლოს საქმიანობა - ამ ყველაფრით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს და სრული ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელშია" - ამბობს რონდელის ფონდის მკვლევარი და პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.
პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში იგივე პოლიტიკური ძალა დარჩება ან გაიმარჯვებს ისეთი პარტია, რომელიც ევროპული კურსიდან გადახვევას გააგრძელებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაც შეჩერდება.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს ე.წ "რუსული კანონი" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
კანონის მიხედვით, მედიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
ე.წ "რუსული კანონის" მიღების გამო აშშ-მა, მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა. ასევე, თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ევროპა პერსონალურ სანქციებს დააწესებს, შეწყვეტს ფინანსურ დახმარებებს და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეაჩერებს. საქართველოს შესახებ დებატები ჩაინიშნა 27 ივნისს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზეც.
გააზიარეთ :