სამცხე-ჯავახეთში, სად არის რეგისტრირებული რუსული კომპანიები
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საქართველოში, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელში სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე ლოკაციაზე რეგისტრირებული რუსული კომპანიებიც მოხვდა.
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიებისა და ინდ. მეწარმეების რეგისტრაცია საქართველოში უმეტესად ფიქტიური მისამართის მითითებით ხდება. საქართველოში გვხვდება ათობით იურიდიული მისამართი სადაც ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. არის შემთხვევები, როდესაც ერთ იურიდიულ მისამართზე 1500-მდე პირია რეგისტრირებული. აღნიშნული მისამართების უმეტესობაზე შენობა-ნაგებობაც კი არ დგას, ტერიტორიების უმეტესობა დაუსახლებელი მიწებია, რომლის კანონიერი მფლობელები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან. ჯამში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული აქტიური სტატუსის მქონე 20 886 კომპანიიდან, ფაქტობრივი მისამართი მითითებული მხოლოდ 20%-ს (1664-ს) აქვს.
მიკვლეულ იურიდიულ მისამართებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ქვეყანაში რეგისტრირებული რუსი მეწარმეებიდან მინიმუმ ყოველ მეორეს იურიდიული მისამართი ფიქტიურად აქვს მითითებული. ასეთ მისამართებს შორის მოხვდა, ბორჯომში, ახალციხესა და ადიგენში კონკრეტულ მისამართებზე რეგისტრირებული მისამართები, სადაც ერთი და იგივე ადგილზე ასობით მეწარმეა რეგისტრირებული, ეს მისამართებია:
ქალაქი ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, N 31გ, საოფისე ფართი N3 - 850 ინდივიდუალური მეწარმე ან შპს რეგისტრირებული;
ახალციხის რაიონი, აბი, (ტბის ქვემოთ) – 744 ინდივიდუალური მეწარმე ან შპს რეგისტრირებული;
ადიგენის რაიონი, სოფელი ვარხანი, ქუჩა 07, საცხოვრებელი სახლი N07 – 411 ინდივიდუალური მეწარმე ან შპს რეგისტრირებული;
საქართველო, ადიგენის რაიონი, სოფელი უნწა "ბაღები" – 214 ინდივიდუალური მეწარმე ან შპს რეგისტრირებული;
საქართველო, ადიგენის რაიონი, სოფელი უნწა, სახლთან - 205 ინდივიდუალური მეწარმე ან შპს რეგისტრირებული.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ამბობენ, რომ საქართველოში რეგისტრირებული რუსი მოქალაქეების კომპანიები, აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში - მონაწილეობენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესში, სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში - რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონ ლარს იღებენ. მხოლოდ აღნიშნული კვლევის ფარგლებში მიკვლეულ კომპანიებსა და მათთან დაკავშირებულ შვილობილ კომპანიებს, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.
"ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. ტრადიციულად რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამას მოწმობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ისტორიაც და დაწესებული ემბარგოებიც"- ამბობენ ორგანიზაციაში.