რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოში საქსტატის მონაცემებით
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 10.9%-ით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით);
მშენებლობა - 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით).
მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 650.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 451.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 191.5 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 217.0 ლარი (9.7%). აღსანიშნავია ისიც, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
„III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 182.9 ლარით (9.1%) გაიზარდა და 2 190.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 065.8 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 500.5 ლარი, გაიზარდა 16.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.