მშენებარე და შეჩერებული ჰიდროელექტროსადგურები, ინდივიდუალური
გამრიცხველიანება, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები –
კორესპონდენტებმა ყურადღება, ძირითადად ამ თემებზე გაამახვილეს.
ენერგეტიკის მინისტრის ინიციატივით შეხვედრა რეგიონულ მედიასთან ერთ
საათს გაგრძელდა. კახი კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური
გამრიცხველიანება 2015 წლამდე დასრულდება. კომპანია ,,ენერგო პრო
ჯორჯიასთან“, რომელიც აღნიშნულ პროცესზეა პასუხისგებელი, მინისტრს
სისტემატური მოლაპარაკებები აქვს. მისი ინფორმაციით, ინდივიდუალური
მრიცხველის გარეშე, ამჟამად, 200 000-მდე აბონენტია დარჩენილი.
რეგიონის კორესპონდენტებმა კითხვები ბოლო პერიოდში ქვეყანაში
ელექტროენერგიის ხშირ გათიშვებზეც დასვეს. კახი კალაძე ირწმუნება, რომ
წინა წლებთან შედარებით ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის
შემთხვევებმა იკლო, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულს ორი მიზეზი
ტექნიკური შეფერხებები და სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს.
მინისტრის თქმით, მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად ქვესადგურების
განახლებაა საჭირო. ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრაზე დღეს ექოს
ჟურნალისტი თიკო კურტანიძეც იმყოფებოდა.