ორგანიზაციამ, ,,ორბელიანი საქართველო“ იდეების კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანიც საქართველოში მოხალისეობის განვითარებაა. კონკურსის მთავარი პირობა ისაა, რომ იდეით მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობა უნდა იყოს. თემატიკა შეზღუდული არ არის.
აღნიშნული კონკურსი, ახალციხელ მოხალისეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ,,ორბელიანი საქართველოს“ დირექტორმა გააცნო.
მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის ფორმა ინტერნეტ პლატფორმის საშუალებით უნდა შეავსონ. განაცხადების მიღება და განხილვა ეტაპობრივად, ოქტომბრის თვის ბოლომდე განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ფულად გრანტებს არ გასცემს, ის მხოლოდ იდეის განსახორციელებლად საჭირო რესურსებს აფინანსებს.
საწყის ეტაპზე 11 საპილოტე იდეა უკვე დაფინანსდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ წლის განმავლობაში კიდევ 80 პროექტს დააფინანსებენ.
,,ორბელიანი საქართველო“ ონლაინ პლატფორმაა, რომელიც საინტერესო იდეების ადამიანებისთვისა შექმნილი. მისი მიზანი, საქართველოში სოციალური ცვლილებების ხელშეწყობაა.
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
|