ბეჭდური წიგნები თუ მათი ელექტრონული ვერსია? – ეს საკითხი დღეს საზოგადოებაში აქტუალურია. ჩაანაცვლა თუ არა კომპიუტერმა წიგნი და რა ჟანრს კითხულობენ ახალგაზრდები? – აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხეში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. რომელ წიგნებზეა მოთხოვნა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, რა სახის ლიტერატურა იყიდება მაღაზიებში და როგორია წიგნიერების დონე ახალციხეში – თემით “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.
„ბიძია თომას ქოხი“, „კლოუნის თვალთახედვა“, „დიდოსტატის მარჯვენა“ – „მეცხრე არხის“ გამოკითხვის მიხედვით, ამ წიგნებს ახალციხელი ახალგაზრდები ყველაზე აქტიურად კითხულობენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც წიგნი დიდი ხანია არ წაუკითხვთ, მაგრამ მაინც ბეჭდურ ლიტერატურას ამჯობინებენ. რესპოდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ელექტრონული წიგნებით ბეჭდურის ჩანაცვლებაზე საუბარი ახალციხეში ჯერ ნაადრევია.
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას თვის განმავლობაში 500–მდე ადამიანი სტუმრობს. თანამშრომლები განმარტავენ, რომ დღეისათვის ინფორმაციის მიღების არაერთი საშუალება არსებობს. მკითხველებს შეუძლიათ ისარგებლონ, როგორც წიგნებით, ასევე კომპიუტერითაც. ახალციხის ბიბლიოთეკის მთავარი სპეცილიატი მიიჩნევს, რომ წიგნს ვერაფერი ჩაანაცვლებს, რადგან მას თავისი ხიბლი აქვს. ამავდროულად, კომპიუტერთან მუშაობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. იწვევს თვალების დაღლას და სქელტანიანი წიგნის ელექტრონული ვერსიის წაკითხვა თავისთავად რთულია. ლილი აჩელაშვილის თქმით, დღეისათვის ახალგაზრდები, ძირითადად, თანამედროვე ლიტერატურით არიან დაინტერესებულნი.
ახალციხეში წიგნების მაღაზიაში რომანებსა და თანამედროვე მწერლების შემოქმედების გარდა, მოთხოვნაა საბავშვო ლიტერატურაზეც. „მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს სხვადასხვა ჟანრის წიგნებს ვთავაზობთ, ისინი უპირატესობას, სწორედ აღნიშნულს ანიჭებენ“ – ამბობს „ბიბლუსის“ კონსულტანტი.
2006 და 2011 წლებში საქართველომ წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა მიიღო, რომლის მიზანიც მოზარდების კითხვის უნარისა და მასთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლა იყო. საქართველოდან წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში – სამცხე-ჯავახეთის გარდა ქვეყნის სხვა რეგიონებიც ჩაერთვნენ. კვლევაში მონაწილეობა 173 სკოლის 4 796 მოსწავლემ მიიღო. წაკითხულის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან, საქართველო 37 ადგილზეა.
|